ახალი ამბები

WWF: „გარემოს დაცვის სამინისტროს დასუსტება ეწინააღმდეგება საერთაშორისო პოლიტიკას“

11 თებერვალი, 2011 • 1203
WWF: „გარემოს დაცვის სამინისტროს დასუსტება ეწინააღმდეგება საერთაშორისო პოლიტიკას“

“ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის” (WWF) კავკასიის ოფისი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს  რესტრუქტურიზაციის გეგმის გამო.

„როგორც ცნობილია, საქართველოს ტყეს, რომლის 98% მთის ფერდობზეა განლაგებული, უპირველესად ეკოლოგიური – ეროზიის, მეწყერების და ზვავების  წარმოშობის შემაკავებელი და წყალმარეგულირებელი, ასევე, რეკრეაციული, კლიმატის  შემარბილებელი მნიშვნელობა აქვს. ამდენად, სატყეო სექტორის გარემოს დაცვის სექტორისაგან გამოყოფის მიზნობრივი აუცილებლობა მეტისმეტად საეჭვოა და ასეთ გადაწყვეტილებას ხანგრძლივ პერსპექტივაში გაუთვალისწინებელი, მკვეთრად უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს, რაც აისახება არა მხოლოდ გარემოს სიჯანსაღეზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკაზეც“ – ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში, რომელსაც “ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის” (WWF) კავკასიის ოფისი ავრცელებს.

WWF–ის კავკასიის ოფისში მიაჩნიათ, რომ არალოგიკურია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში ინტეგრირება, რადგან დაცული ტერიტორიების საბაზისო ფუნქცია ბუნების, საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის, მისი უნიკალური უბნების, ბიომრავალფეროვნების დაცვა და შეულახავი გარემოს შთამომავლობისთვის შენარჩუნებაა. ეკონომიკური ფუნქცია მეორადია და პირველი ფუნქციის წარმატებულ შესრულებაზეა დამოკიდებული. ამასთან, მაგალითად, ნაკრძალს, დაცული ტერიტორიების უმაღლეს კატეგორიას, ეკონომიკური ფუნქცია საერთოდ არ გააჩნია.

„ყოველივე ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სექტორისაგან ამ უწყების მოწყვეტას პრიორიტეტების აღრევა შეიძლება მოჰყვეს, რამაც საფრთხე შესაძლოა შეუქმნას ამ სისტემაში დაცულ საქართველოს ბუნების საგანძურს. იმასაც აღვნიშნავთ, რომ 21-ე საუკუნეში, რომელიც აღიარებულია გარემოსადმი გლობალური გამოწვევების ეპოქად, და როდესაც ქვეყნებს ამ მხრივ მეტი ძალისხმევა და შესაბამისი სექტორის გაძლიერება მოეთხოვება, საქართველოში გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება თუ დასუსტება ეწინააღმდეგება ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო პოლიტიკასაც“.

მასალების გადაბეჭდვის წესი