ახალი ამბები

წერილი სოკ-ს ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზის გამო

10 თებერვალი, 2011 • • 1582
წერილი სოკ-ს ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზის გამო

დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ დირექტორს წერილი გაუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ კანადური ტელეარხის მიერ გავრცელებული მასალები წინააღმდეგობაში მოდის ციგის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოცემულ ოფიციალურ დასკვნასთან, ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით.

რამდენიმე დღის წინ კანადურმა მედიამ, სიბისიმ გამოაქვეყნა  მიმოწერა ვანკუვერის ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო  კომიტეტისა და საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციას  წევრებს შორის, სადაც დაფიქსირებულია, რომ უისტლერის საციგაო ტრასა გაუმართავი იყო  და ამას შესაძლოა სპორტსმენის მძიმედ დაშავება ან სიკვდილი გამოეწვია. CBC-ის ეთერში გასულ გადაცემაში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინსპექციამაც არაერთი კრიტიკული შენიშვნა მიიღო.
სპეციალისტები შეშფოთებულნი იყვნენ იმ სიჩქარით, რომელსაც სპორტსმენები ავითარებდნენ და ამის შესახებ VANOC-ს ჯერ კიდევ 2009 წლის მარტში აცნობეს, თუმცა, როგორც ჩანს, თამაშების ორგანიზატორებმა ყველა გაფრთხილება უყურადღებოდ დატოვეს.

’”თქვენი მხრიდან გამოქვეყნებული დეტალების გაცნობამდე გვსურს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ ამ სიახლემ დიდი შეშფოთება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში და ჩვენს მასობრივი ინფორმაციის წყაროებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე მიიღო საგამოძიებო კომისიის ოფიციალური დასკვნა ტრაგედიის დეტალებთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულ გამაფრთხილებელ მიმოწერასთან დაკავშირებით ტრასის სიჩქარესა და უსაფრთხოებაზე არაფერია ნახსენები.

საქართველოს ეოკ-ის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართეს ადგილობრივმა და საერთაშორისო მედია საშუალებებმა, რათა კომენტარი გაეკეთებინა გამოქვეყნებულ მასალაზე. საზოგადოება და, რასაკვირველია, ოლიმპიელის ოჯახი მოითხოვს დამატებით განმარტებას შესაბამის მიმოწერებში ტრასის უსართხოებასა და სიჩქარესთან დაკავშირებით გამოთქმულ საფრთხეზე”,-ნათქვამია წერილში.

21 წლის ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ვისტლერის (Whistler ) საციგაო ტრასაზე ვარჯიშის დროს ფინიშის ხაზის გადაკვეთისას ლითონის კონსტრუქციას დაეჯახა. იგი ციგიდან გადმოვარდა და მძიმედ დაეცა. ქუმარიტაშვილი 2010 წლის 12 თებერვალს, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, გარდაიცვალა.

აპრილში ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ რაპორტი გამოაქვეყნა, სადაც ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზი ასე იყო ახსნილი:

ქუმარიტაშვილის მოქმედება ტრასაზე გახდა კატასტროფის მიზეზი. სპორტსმენი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან გადავარდა, სადაც ის მეტალის ბარჯს შეეჯახა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი