შსს გენდერული აუდიტი: უწყებაში დასაქმებულებს შორის 14% ქალია

დღეს, 23 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენდერული აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, უწყებამ არაერთი ინიციატივა განახორციელა გენდერულ საკითხებზე მიმართული ვალდებულებების შესასრულებლად, აცხადებს შსს.

შსს-ს ცნობით, აუდიტის ჯგუფმა პოზიტიურად შეაფასა სამინისტროში ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტური რეაგირების კომისიის მუშაობა, რომელიც წარმოადგენს დიალოგისა და ანგარიშგების პლატფორმას სამოქალაქო საზოგადოებასთან.

 

შსს-ს ცნობით, აუდიტის ჩატარების პერიოდში (2014 წლის ნოემბერ-დეკემბერი), სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებულ უწყებებში ქალები შტატიან და შტატგარეშე თანამშრომლების 14%-ს შეადგენდნენ (რაც 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1,5%-ით გაზრდილია).

ყველაზე მეტი ქალი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ “112”-ში (87%), საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში (65%), კადრების მთავარ სამმართველოში (60%), საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში (56%), სსიპ-საქ. შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში (58%), აცხადებს უწყება.

შსს აცხადებს, რომ 2014-2016 წლის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად გაწერილია სამინისტროს ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალთა წარმომადგენლობისა და როლის გაზრდას ითვალისწინებს.

“თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის ჩატარებით გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია მიზნად ისახავს აღწეროს, თუ რამდენად ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადამიანური რესურსების მართვის პროცესში გენდერულ ასპექტებს და როგორ შეიძლება ამ მიდგომის გაუმჯობესება იმისათვის, რომ სამინისტროს პოლიტიკა, მომსახურება და საქმიანობა შეესაბამებოდეს ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის სფეროში ქვეყნის საერთაშორისო და ეროვნულ ვალდებულებებს”, აცხადებს შსს.

აუდიტის მიხედვით, სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამართლებრივი ბაზის დახვეწის საკითხებში. ოჯახში ძალადობის თემაზე საპატრულო პოლიციის და ტერიტორიული საუბნო სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა.

შსს-ს განმარტებით, გენდერული თანასწორობის მიმართულებით ბოლო 10 წლის განმავლობაში მიიღეს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია (2006 წ.) და კანონები: „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ (2006 წ.) და „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ“ (2006 წ.), „გენდერული თანასწორობის შესახებ“ (2010 წ.) და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (2014 წ.).

უწყების განმარტებით, აღნიშნული კანონების განსახორციელებლად ქვეყანაში შემუშავებულია ეროვნული სამოქმედო გეგმები: გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონიძიებათა 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი შემსრულებელი ინსტიტუციაა.

აუდისტის ანგარიში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com