ახალი ამბები

ზაზა ფაჩულიას NBA All-Star-ში მოსახვედრად 14 227 ხმა დააკლდა

22 იანვარი, 2016 • 1850
ზაზა ფაჩულიას NBA All-Star-ში მოსახვედრად 14 227 ხმა დააკლდა

NBA All-Star-ის გამოკითხვის საბოლოო შედეგებით, ზაზა ფაჩულიამ 768 112 ხმით დასავლეთ კონფერენციის წინახაზელებში მე-4 პოზიცია დაიკავა. “დალას მავერიკსის” ქართველ ცენტრს სასტარტო ხუთეულში მოსახვედრად 14 227 ხმა დააკლდა.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის All-Star-ის გამოკითხვის საბოლოო შედეგებით, დასავლეთის და აღმოსავლეთის გუნდების სასტარტო ხუთეულების სია ასე გამოიყურება:

დასავლეთი

  • სტეფ კარი
  • რასელ უესტბრუკი
  • კობი ბრაიანტი
  • კავაი ლეონარდი
  • კევინ დურანტი

აღმოსავლეთი

  • დუეინ უეიდი
  • კაილ ლოური
  • ლებრონ ჯეიმსი
  • პოლ ჯორჯი
  • კარმელო ენტონი

სასტარტო ხუთეულს გულშემატკივრები ადგენდნენ, თუმცა სათადარიგო კალათბურთელებს უკვე მწვრთნელები აირჩევენ. აიყვანს თუ არა ზაზა ფაჩულიას დასავლეთ კონფერენციის მწვრთნელი სათადარიგო კალათბურთელთა შორის, ამას შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

“ყველა ვარსკვლავის” მონაწილე კალათბურთელების შესარჩევად ამერიკის ნაციონალური კალათბურთის ასოციაცია კონკურსს ონლაინ რეჟიმში, სოციალურ ქსელებში ატარებდა. გულშემატკივრებს საყვარელი სპორტსმენის სახელისა და ჰაშთაგის #NBAvote გამოყენებით შეეძლოთ მონაწილეობის მიღება ხმის მიცემის პროცესში. ერთი დღის განმავლობაში ერთი IP მისამართიდან მხოლოდ 1 ხმის მიცემა იყო შესაძლებელი. ხმის მიცემის პროცედურა 19 იანვარს, საქართველოს დროით 09:00 საათზე დასრულდა.

წელს, NBA-ის ისტორიაში პირველად, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების მატჩი აშშ-ის საზღვრებს გარეთ გაიმართება. All-Star-ის მატჩი კანადაში, ტორონტოში 14 თებერვალს ჩატარდება.

NBA All-Star-ის საბოლოო შედეგები, დასავლეთ კონფერენციის წინახაზელები.

NBA All-Star-ის საბოლოო შედეგები, დასავლეთ კონფერენციის წინახაზელები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი