სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ნაკრესი შეშფოთებას გამოთქვამს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ბატონი გოგა ხაჩიძის დღეს გაკეთებული განცხადებების გამო გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.
ნაკრესი აცხადებს, რომ ცვლილებებმა შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას საქართველოს ბუნებას. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანამ სამინისტროს რეორგანიზების საკითხი პარლამენტს განსახილველად გადაეცემა, მთავრობა უნდა დაფიქრდეს და საკითხი საჯარო განხილვის საგნად აქციოს.
მიგვაჩნია, რომ პარლამენტისთვის განსახილველად წარდგენამდე საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს ამ საკითხს და აქციოს საჯარო განხილვის საგნად.
ნაკრესის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
“დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა დაცული ტერიტორიების ძირითადი ფუნქციის უგულვებელყოფას ნიშნავს და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ, სამწუხაროდ, სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს სათანადოდ არა აქვთ გაცნობიერებული დაცული ტერიტორიების, როგორც გლობალური მნიშვნელობის ეროვნული საუნჯის, ღირებულება და მნიშვნელობა.
ამგვარი ეჭვის საფუძველს ამყარებს თავად გარემოს დაცვის მინისტრის კომენტარი იმის თაობაზე, რომ სამინისტროს რეორგანიზაცია არ ნიშნავს სამინისტროს გაუქმებას, აქ „საუბარია იმაზე, რომ ჩამოყალიბდეს გარემოსდაცვითი კუთხით წმინდა სისხლის გარემოსდაცვითი სტრუქტურა…“ ამ სტრუქტურაში კი, როგორც გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ადგილი არ იძებნება. მინისტრის კომენტარიდან გამომდინარე, დაცული ტერიტორიების დაცვა არ მიეკუთვნება ე.წ. „წმინდა სისხლის გარემოსდაცვით“ სფეროს.
კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ, რომელსაც საქართველო 1994 წელს მიუერთდა, განმარტავს: „დაცული ტერიტორია“ ნიშნავს გეოგრაფიულად განსაზღვრულ ტერიტორიას, რომელიც გამოიყოფა, რეგულირდება და გამოიყენება კონკრეტული დაცვითი მიზნების მისაღწევად“ (მუხლი 2). დაცული ტერიტორიის მთავარი დანიშნულება ბუნების დაცვა და შენარჩუნებაა; ეკონომიკური სარგებელი მხოლოდ ე.წ. „გვერდითი მოვლენაა“, რომლის გარანტიც შეიძლება იყოს ამ ტერიტორიების გრძელვადიანი დაცვის უზრუნველყოფა.”