ახალი ამბებისაზოგადოება

საპატრიარქოს სათემო რადიო 17 ქალაქსა და დაბაში იმაუწყებლებს

21 იანვარი, 2016 • 2945
საპატრიარქოს სათემო რადიო 17 ქალაქსა და დაბაში იმაუწყებლებს

საპატრიარქომ საქართველოს 17 დასახლებულ პუნქტში სათემო რადიოს მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, რომელსაც “ღვთის სიტყვის გასავრცელებლად” და ეროვნული ტრადიციების შენარჩუნება-განვითარებისთვის გამოიყენებს, აცხადებს ეკლესია.

რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კომუნიკაციების კომისიას საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა 2014 წლის  6 ნოემბერს მიმართა.

2016 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს სათემო რადიოს მაუწყებლობის ლიცენზია კომუნიკაციების კომისიამ მისცა შემდეგ დასახლებებში – ახალციხე – 100.7 FM; ახმეტა – 93.3 FM; ბათუმი – 105.4 FM; გორი – 105.4 FM; დედოფლისწყარო – 94.3 FM; ზუგდიდი -105.4 FM; თბილისი – 105.5 FM; ლენტეხი – 105.4 FM; მესტია – 105.4 FM; სენაკი – 88.1 FM; სტეფანწმინდა – 105.4 FM; ტყიბული – 90.4 FM; ფოთი – 104.7 FM; ქუთაისი – 87.9 FM; ყვარელი – 94.5 FM; წალკა – 105.3 FM; ხულო – 105.4 FM.

კომუნიკაციების კომისიაში საპატრიარქოს უნივერსიტეტის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში, რომელსაც ილია მეორის ქორეპისკოპოსი იაკობი აწერს ხელს, განმარტებულია, რომ რადიოს მიზანი იქნება “ღვთის სიტყვის ქადაგება და მისი გავრცელება, მაგრამ, ცხადია, ის მხოლოდ საღვთისმეტყველო თემატიკით არ შემოიფარგლება, რადიოს ეთერში მომზადებული გადაცემები ორიენტირებული იქნება ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებაზე, ასევე, განათლების, ხელოვნების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესების შეფასებაზე.”

საპატრიარქო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოსახლეობის 87% მართლმადიდებელია და ამიტომ რადიო მოემსახურება მართლმადიდებლების ინეტერესს და შეეცდება მოიზიდოს არა მარტო რომელიმე კონკრეტული ჯგუფის მსმენელი, არამედ საზოგადოების ფართო წრე.

საპატრიარქოს გეგმის მიხედვით, რადიოს ექნება რელიგიური მიმართულება, სადაც გადაიცემა ლოცვები, პატრიარქის ქადაგება და საღვთისმეტყველო ლიტერატურის განმარტებები, საუბრები მართლმადიდებელ მღვდლებთან.

ლიტერატური მიმართულება ყურადღებას გაამახვილებს კლასიკურ ლიტერატურასა და მიმდინარე პროცესზე. ცალკე ადგილი დაეთმობა ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიასა და ფოლკლორს.

რადიოს ექნება ისტორიულ- ეთნოგრაფიული მიმართულება, რომელიც საპატრიარქოს განმარტებით, საქართველოს წარსულის გასახსენებაში, აწმყოს შეცნობასა და მომავლის გააზრებაში მსმენელს დაეხმარება.

ისტორიულ- ეთნოგრაფიული მიმართულებაში იქნება პროგრამები: ერთად აღვადგინოთ საქართველოს ისტორია, ქართლის ცხოვრების ქრონიკები, მსოფლიო ისტორია, მსოფლიოს რელიგიების ისტორია, ქართველთა ეთნოგრაფია, ჩვენებურები.

ხელოვნების მიმართულება ყურადღებას დაუთმობს “ქრისტიანულ ხელოვნებას”- ყველაფერ იმას, რაც დაკავშირებულია ქრისტიანულ სახვით ხელოვნებასთან. ეს მიმართულება ასევე გააცნობს მსმენელს თანამედროვე მხატვრებს, ამბობს საპატრიარქო.

რადიოს ასევე ექნება ახალგაზრდული და საბავშვო მიმართულება, რომელშიც სკოლა, ოჯახი და ეკლესია ბავშვის ზნეობრივ, მორალურ და სულიერ აღზრდაზე იზრუნებს.

რადიოს ასევე ექნება მუსიკალური, საზოგადოებრივი, სოციალური, სამედიცინო, სოფლის მეურნეობის განათლების მიმართულებები.

ამ მიმართულებაში იქნება გადაცემა კულტურა და თანამედროვეობა, რომლის მიზანია რადიომსმენელისთვის იმის გაცნობიერება, თუ “რანი არიან ქართველები… როგორ უნდა შეინარჩუნონ ეროვნული სახალხო და ელიტარული კულტურები” გლობალიზაციის პროცესში.

განაცხადის მიხედვით, რადიოს ეთერში გავა გადაცემა “კონსილიუმი”, სადაც ყურადღება დაეთმობა მედიცინის ისტორიას, მედიცინის ეთიკასა და ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდას. რადიო ასევე ყურადღებას დაუთმობს ქართულ სოფელს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 5 ნოემბრის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება მეტრულ ტალღათა (FM) დიაპაზონებში კერძო და სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსების გამოაცხადების თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი