ახალი ამბები

რუსული მართლმსაჯულება „ლაღიძის წყლების“ სასარგებლოდ

8 თებერვალი, 2011 • 2007
რუსული მართლმსაჯულება „ლაღიძის წყლების“ სასარგებლოდ

ნანა ჩახაია
ნანა ჩახაია

”ლაღიძის წყლებმა” რუსეთში სასამართლო პროცესი მოიგო. ამის თაობაზე კომპანიის  დირექტორის მოადგილემ ნანა ჩახაიამ დღეს პრესკონფერენცია გამართა.

”2008 წელს გავიგეთ, რომ რუსეთში  გურამ აბსნაძეს, რამაზ ლაღიძესთან ერთად, უკანონოდ ჰქონდა მითვისებული ,,ლაღიძის წყლების” სახელი და ყალბ სასმელს უშვებდა. რამაზ ლაღიძე ამტკიცებდა, რომ იგი, და არა – თორნიკე ლაღიძე, გახლდათ მიტროფანე ლაღიძის შვილიშვილი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვსწავლობდი არქივს, რათა რუსული სასამართლოსთვის დამემტკიცებინა, რომ კანონიერი მემკვიდრე თორნიკე ლაღიძეა”, – ამბობს ნანა ჩახაია.

”ლაღიძის წყლებმა” 2009 წლის აპრილში შეიტანა სასამართლოში სარჩელი. სასამართლო წელიწადნახევარი გაგრძელდა. რუსეთის რამდენიმე ლაბორატორიაში აბსნაძის მიერ გამოშვებული სასმელის ანალიზი ჩატარდა და მას ,,ლაღიძის წყლის” სახელით სარგებლობა აუკრძალეს, თუმცა აბსნაძეს რუსეთში სამეწარმეო საქმიანობა არ შეუწყვიტავს. მას იქ არყის ქარხანა აქვს.

”სმოლენსკის სასამართლოს მადლიერნი ვართ. მან რუსეთის ტერიტორიაზე სამართლიანად დაიცვა ქართული მხარის ინტერესები. ”ლაღიძის წყლები” ერთადერთი ქართული პროდუქტია, რომელიც რუსულ ბაზარზე გადის”, – აცხადებს ჩახაია.

ნანა ჩახაიას თქმით, რამაზ ლაღიძე ქუთაისშიც ეწევა გარკვეულ სამეწარმეო საქმიანობას და ”ლაღიძის წყლები” ამ საკითხითაც დაინტერესდება უახლოეს მომავალში.

მასალების გადაბეჭდვის წესი