კომუნალურ ერთიან ადმინისტრირებულ გადასახადებში უპრეცედენტო შეღავათებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ისარგებლებს.
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში’’ აცხადებენ, რომ ასეთი მოსახლეობისთვის ერთიანი საშეღავათო პაკეტი არ არსებობს. კომპანია ინდივიდუალურად განსაზღვრავს, თუ როგორ შეძლებენ ისინი დავალიანების დაფარვას.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, დავალიანების დაფარვას სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სიმბოლურად, 0,50 ან 1,00 ლარის გადახდით შეძლებენ.
სხვა მოქალაქეებისთვის კი ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს’’ დავალიანების დაფარვის სხვა აქციები აქვს. თუ აბონენტი 2011 წლამდე დაგროვილი დავალიანების 60%-ს გადაიხდის, 40%-ს კომპანია ჩამოაწერს. ასევე აბონენტს შესაძლებლობა აქვს დავალიანების მთლიანი თანხა 36 თვეზე გადაანაწილოს და მიმდინარე გადასახადთან ერთად დაფაროს.
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ’’ ინფორმაციით, ერთიანი ადმინისტრირების სისტემის თანახმად შემუშავებული ახალი ქვითარი ამ ეტაპზე გაითვალისწინებს მხოლოდ მიმდინარე გადასახადისა და უკვე რესტრუქტურიზებული დავალიანების თანხების გადახდას.
,,ქვითრებში აუცილებლად იქნება ასახული არსებული დავალიანების თანხაც. ამით გვინდა მეტი დრო მივცეთ იმ აბონენტებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ დავალიანების რესტრუქტურიზაცია, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთიანი ადმინისტრირების სისტემა დავალიანებებსაც შეეხება’’, – განმარტავენ კომპანიაში.
კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირება ძალაში უკვე დღეიდან, 7 თებერვლიდან, შედის. დღეიდან აბონენტებს ახალი ქვითრები დაურიგდებათ. ქვითარში გაერთიანებულია ელექტროენერგიის, სან. დასუფთავებისა და წყალმომარაგების გადასახადი და წყლისა და სან.დასუფთავების გადაუხდელობის შემთხვევაში აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.