ახალი ამბები

უცხოური პრესის დაიჯესტი

7 თებერვალი, 2011 • 1197
უცხოური პრესის დაიჯესტი

ფორინ პოლისიაქვეყნებს ჯოშ როგინის სტატიას, სადაც ოთხი რესპუბლიკელი სენატორი მოუწოდებს ობამას ადმინისტრაციას, სენსიტიური ანტისარაკეტო თავდაცვის სარადარო სისტემა საქართველოში განათავსოს და არა თურქეთში, როგორც ეს ახლახანს დაიგეგმა.  სტატიის თანახმად, ამ შინაარსის წერილით მიმართეს სენატორებმა თავდაცვის მინისტრ რობერტ გეითსს 3 თებერვალს, რომელსაც ხელს აწერენ:  ჯონ კაილი, ჯეიმს რიში, მარკ კირკი და ჯეიმს ინჰოფი.

სტატიაში ნათქვამია, რომ სენატორების წერილი ერთგვარი რეაქციაა თურქეთის მთავრობის განცხადებებზე იმის შესახებ, რომ  საკუთარ ტერიტორიაზე ახალი რადარის ე.წ. TPY-2-ს განთავსებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუკი შეერთებული შტატები ამ რადარით მიღებულ ინფორმაციას, რომელიც ნატო-ს სისტემის ნაწილია და ლისაბონის ბოლოდროინდელ სამიტზე განიხილებოდა, ისრაელთან არ გაცვლის. თურქეთს ასევე სურს რადარზე საკუთარი მართვისა და კონტროლის შენარჩუნება და ნატო-ს მოუწოდებს, რომ ირანზე, როგორც საფრთხეზე, ყველანაირი მინიშნება აღმოფხვრას. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, სენატორებს მიაჩნიათ, რომ საქართველო უკეთესი არჩევანია.

 

მიუხედავად სენატორების რეკომენდაციისა,  იმის შანსი, რომ ობამას ადმინისტრაცია საქართველოში განათავსებს ანტი-სარაკეტო ფარს, სტატიის ავტორის აზრით, ძალიან მცირეა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ნატო-ს წევრი არ არის და ამავდროულად, მსგავსი ნაბიჯის შედეგი აშშ-რუსეთის და ნატო-რუსეთის ურთიერთობებისთვის დამანგრეველი იქნება, თუმცა იქვე დასძენს, რომ  წერილი უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ახალი კონგრესი მზადაა საქართველოსთან თავდაცვითი თანამშრომლობის აღდგენის მხარდამჭერი აქტიური კამპანიის დასაწყებად, რაც შეფერხებულია 2008 წლის რუსული ინტერვენციის შემდეგ.

 

თავის სტატიაში ამ თემატიკას ეხმიანება ამერიკის ხმის რუსული ბიუროც, სადაც გარკვეულწილად აფასებს იმ ფაქტს, თუ რამდენად რეალური და სარფიანი იქნება საქართველოსთვის საკუთარ ტერიტორიაზე ნატოს სარაკეტო ფარის განთავსება. სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს ობამას ადმინსიტრაციის პირობებში სარაკეტო ფარის საქართველოში განთავსებას  და ამ გადაწყვეტილების მიღების ალბათობის ზრდას რესპუბლიკელების ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემთხვევაში ხედავს. იმავდროულად, სტატიაში ალადაშვილი დასძენს, რომ ირანზე მიმართული სარაკეტო ფარის განთავსებას საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დათანხმდეს, თუ ამერიკა დაეხმარება საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში, რამდენადაც ნატოს სარაკეტო სისტემები ვერ გააკონტროლებენ საქართველოს საჰაერო სივრცეს რუსეთისა და აფხაზეთის მიმართულებით.

 

მეორე ქართველი ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სარაკეტო ფარის საქართველოში განთავსებას უკუჩვენება შეიძლება მოყვეს, რამდენადაც ეს საქართველოს ირანის  სამიზნედ აქცევს. იმავდროულად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთს, რომელსაც სამხედრო ბაზები აქვს საქართველოს ტერიტორიაზე, თავისუფლად შეუძლია სარაკეტო ფარის განადგურება, შესაბამისად, აუცილებელია საქარველოსთვის ისკანდერის ტიპის შეიარაღების მიწოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი