ახალი ამბები

ამბავი “ინტურისტის” აივნიდან

7 თებერვალი, 2011 • 1341
ამბავი “ინტურისტის” აივნიდან

“ხალხის შეკითხვებს პასუხობს პრეზიდენტი” _ ამ სათაურით  ინფორმაციები ზუსტად ორწლიანი პაუზის შემდეგ ქართულ საინფორმაციო საიტებზე 24 იანვარს გაჩნდა. მას შემდეგ, რაც გავარკვიე, რომ პრეზიდენტს კითხვას ონლაინ რეჟიმში ვერ დავუსვამდი, დავიწყე იმის გარკვევა, კითხვის დამსმელ მოქალაქეებს რა კრიტერიუმებით არჩევდნენ და საიდან განხორციელდებოდა ჩართვა. ამას ორი დღე ვარკვევდი. დავუკავშირდი ყველა იმ პირს, ვისაც რაიმე სახის შეხება შეიძლება ჰქონოდა ამ საქმესთან, მათ შორის აჭარის მთავრობის სამსახურებსაც.

ტელეხიდის დაწყებამდე 10 წუთით ადრე გავიგე, რომ ხალხს ან “შერატონიდან” ჩართავდნენ, ან “ინტურისტიდან”. “ინტურისტის” ფოიეში გავარკვიე, რომ პრეზიდენტისთვის კითხვის დამსმელები იქ იყვნენ შეკრებილი. დაცვის თანამშრომელს ვკითხე, როგორ მოვხვდებოდი “ინტურისტის” აივანზე მოქალაქეებთან. მან თაბახის ფურცელი ამოიღო ჯიბიდან და სახელი და გვარი მკითხა. იქ ვერ ამოიკითხა, რასაც ეძებდა.

–ქალბატონო, უკვე ერთი საათია კარი ჩაკეტილია, ვეღარ შეგიშვებთ. თან სიაში არ ხართ.

ჩაკეტილ კარზე კაკუნი ნამდვილად არ მიცდია. გადავწყვიტე, “ბაკურიანიდან” მედევნებინა თვალი ტელეხიდისთვის (კაფე “ბაკურიანი” სასტუმროს პირველ სართულზეა). დარბაზში ორი ტელევიზორი იყო ჩართული და ორივე პრეზიდენტის ტელეხიდს აჩვენებდა.

ორი შეკითხვა დაისვა: ხულოში სათხილამურო ტრასების შესახებ და საგადასახადო კუთხით. ამ დროს რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. ბათუმის სტუდია “შერატონის” ხედით გამოირთო. ფოიეში მსახიობი ჯემალ ველიაძე, ექიმი ნუკრი ბეჟანიძე, სამხატვრო სკოლის დირექტორი გურამ ფუტკარაძე, ძირითადად კი, საჯარო სკოლის პედაგოგები გამოვიდნენ. პედაგოგებმა: ლია კასპელაშვილმა და მირანდა გორგოშაძემ მითხრეს, რომ აქ თავიანთი სურვილით მოვიდნენ. კითხვაზე, საიდან გაიგეს, პრეზიდენტისთვის კითხვის დასმას აქ რომ შეძლებდნენ, თქვეს, რომ ტელევიზიიდან. ნანული ნინიძემ დააკონკრეტა –”ტელეიმედში”  გამოაცხადეს”. ეს ინფორმაცია იმ დღის “ქრონიკის” გამოშვებებში ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე.

სამხატვრო სკოლის დირექტორმა თქვა, რომ ინფორმაცია განათლების სამინისტროდან მიიღო.

“ისედაც 2 საათიდან აქ ვართ და დავიშალეთ”, _ თქვა ნანული ნინიძემ.

ბათუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი, ნუკრი ბეჟანიძე ამბობს, რომ ტელეხიდში მონაწილეობის მისაღებად განსაკუთრებული ძალისხმევა არ დასჭირვებია და არც მიწვევა მიუღია: “სასტუმრო “ინტურისტთან” ვსეირნობდი, შემთხვევით შევხვდი ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად ემზადებოდნენ, დავინტერესდი და გავყევი”.

ნუკრი ბეჟანიძეს პრეზიდენტთან კითხვა არ ჰქონია, ის მხოლოდ პროცესს ადევნებდა თვალს. მისი თქმით, “პროცესი წყნარად წარიმართა და განსაკუთრებული ენთუზიაზმი პრეზიდენტისთვის კითხვის დასასმელად, არავის გამოუჩენია: “უფრო ჩემისთანა მაყურებელი იყო”. 

მიხეილ სააკაშვილის რიგით მეორე ტელეხიდი განახლებული პირველი კავკასიური არხის ორგანიზებით გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი