ახალი ამბები

ომბუდსმენი ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის შენობის დარბევის შესახებ

7 თებერვალი, 2011 • 1196
ომბუდსმენი ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის შენობის დარბევის შესახებ

დღეს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის შენობის დარბევასთან დაკავშირებით.

როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ბოლო სამი თვის განმავლობაში ეკლესია მეორედ დაარბიეს. პირველი დარბევის დღიდანვე საქმეზე გამოძიება დაიწყეს და გამოძების შედეგები, სახალხო დამცველის განცხადების მიხედვით, დღემდე უცნობია.

“2011 წლის 28 იანვარს კვლავ მოხდა აღნიშნული შენობის დარბევა. ეკელსიაში მისულ მრევლს შენობის კორიდორში ფეკალური მასები დახვდა. საეკლესიო ნივთები გადმოყრილი და დაზიანებული იყო. ადგილობრივი პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიების შედეგად ცნობილი გახდა, რომ დარბევაში 11–12 წლის მოზარდები მონაწილეობდნენ. მოზარდებმა ბაპტისტური ეკლესიის მრევლის წინაშე მშობლების თანდასწრებით ბოდიში მოიხადეს. ამავდროულად, ეს მოზარდები წინა დარბევაში მონაწილეობას უარყოფენ”–ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამხცველის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვითვე, 2005 წელს ახალსოფელში ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის აღდგენა   აშშ–სა და გერმანიის ელეჩების მხარდაჭერით განხორციელდა.

სახალხო დამცველი მომხდარ ფაქტს და მასში მოზარდების მონაწილეობას შემაშფოთებელს უწოდებს და იმ პრევენციულ ქმედებებზე საუბრობს, რომლებიც უნდა გატარდეს მოზარდებში ტოლერანტობის კულტურის გასაღრმავებლად.

“მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ამგვარ ფაქტებს სამართალდამცველების მხრიდან, აუცილებელია სიღრმისეულად მოხდეს ყველა ფაქტორის შესწავლა, რაც შესაძლოა ზეგავლენას ახდენდეს და უბიძგებდეს მოზარდებს ძალადობისაკენ, რადგან არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ არასრულწლოვნები ადვილად მოექცნენ ზეგავლენის ქვეშ და შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ძალადობრივი ქმედების განხორციელების წაქეზებასაც.  

მინდა მოვუწოდო მოზარდებს, მათ ოჯახებს, სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს, გააცნობიერონ, რამდენად დიდია შეუწყნარებლობის პროპაგანდის საფრთხე და რამდენად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც ხელს შეუწყობს მოზარდებში განსხვავებულისადმი ნეგატიური სტერეოტიპების აღმოფხვრას და ტოლერანტული გარემოს განმტკიცებას”,- –ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი