ორდინალურ ვიზებს საქართველოში სამოქალაქო რეესტრის სააგენტო გასცემს.
სერვისის პრეზენტაცია დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისნის ტერიტორიულ სამსახურში გამართა.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს ვიზა გაიცემოდა მხოლოდ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებში და სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, 17 იანვრიდან საქართველოში კანონიერად მყოფი უცხოელები, საქართველოში დარჩენის სურვილის შემთხვევაში, უფლებამოსილნი არიან საქართველოში იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ორდინალური ვიზის საფუძველზე.
ვიზის მისაღებად უცხოელს შეუძლია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს მიმართოს.
სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გაიცემა ორი სახის ორდინალური ვიზა: 1. მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 360 დღის მოქმედების ვადით; 2. ერთჯერადი ორდინალური ვიზა 90 დღემდე მოქმედების ვადით.
,,ახალი მომსახურების დანერგვა აუცილებელი გახდა იმ მიზეზის გამო, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ უცხოელს სურს შემოსვლა. შესაბამისად, ჩვენ მათთვის კომფორტულ გარემოს ვქმნით, რომ დაისვენონ საქართველოში და პრობლემა არ ჰქონდეთ ვიზის მიღებაზე’’, – განაცხადა ვაშაძემ.
ვიზის მიღების მოთხოვნით, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში უცხოელის მიერ წარდგენილ სავიზო განცხადება–ანკეტას თან უნდა ერთვოდეს უცხოელის პასპორტი, 1 ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4 და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საქართველოს ორდინალური ვიზის გაცემისათვის დადგენილია შემდეგი საფასურებია: მრავალჯერადი ორდინალური ვიზის 360 დღით გაცემისათვის – 100 ლარი, ერთჯერადი ორდინალური ვიზის 90 დღემდე ვადით გაცემისათვის – 50 ლარი. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური გადაწყვეტილებას ვიზის გაცემის შესახებ იღებს უცხოელის მიერ განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში.