ახალი ამბები

,,პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს”

3 თებერვალი, 2011 • 1591
,,პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს”

,,პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს” – ეს ლოზუნგი უფრო და უფრო აქტუალური ხდება ქართულ სოციალურ ქსელში.  ,,ფეისბუკზე” ამ მოწოდებით სპეციალური ჯგუფია შექმნილი, რომლის წევრთა რაოდენობა 5 219-ს აღწევს.

თბილისის ფორუმის  გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა პროტესტი საწვავის ქართულ ფასის მიმართ აქციის ფორმით გამოხატოს..

,,დღეისათვის საქართველოში იმპორტირებული 1 ტონა საწვავის ფასი არის 869 აშშ დოლარი, რაც ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 1562 ლარს. ამ მაჩვენებელს უნდა დავუმატოთ ტრანსპორტირების ღირებულება 25$, ანუ 45 ლარი. მიღებულ მაჩვენებელს უნდა დავუმატოთ 250 ლარი, რომელიც არის აქციზის გადასახადი. ასევე, უნდა დავუმატოთ დღგ-ის 18% (დღგ-ით იბეგრება მხოლოდ საწვავის შესასყიდი და ტრანსპორტირების ხარჯი), ანუ 1607 ლარის 18%, რაც შეადგენს 289 ლარს. შევკრიბოთ მიღებული მაჩვენებელი, რომელიც შეადგენს 2146 ლარს. მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკის, ანუ სწორი ეკონომიკის წარმართვით, კომპანიის ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს, ხოლო მოგება 5%-ს. ანუ 2146 ლარს დავუმატოთ ამ თანხის 10% ხარჯი, ხოლო 5% მოგება, რაც ჯამში შეადგენს 322 ლარს. ანუ მომხმარებლის მიერ შეძენილი ერთი ტონა ბენზინი 2468 ლარი უნდა ღირდეს. არ დაგვავიწყდეს, რომ ერთ ტონა ბენზინში არის 1445 ლიტრი, ანუ ერთი ლიტრი ბენზინის ფასი რომ გამოვთვალოთ და ტონის ფასი გავყოთ რაოდენობაზე, მივიღებთ 1.7 ლარს. ერთი ლიტრი ბენზინი უნდა ღირდეს 1.7 ლარი!” – აცხადებენ ფორუმის წევრები.

აქცია 5 თებერვალს,  14:00 საათზე, ეკონომიკის სამინისტროსთან გაიმართება და მისი ორგანიზატორების თქმით, ერთჯერადი არ იქნება: ,,ყოველ შაბათს პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოვხატავთ უკმაყოფილობას საწვავის ფასთან დაკავშირებით. გამორიცხული არაა, საპროტესტო ღონისძიებები კვირის სხვა დღეებშიც გავმართოთ”, – აცხადებს აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი ბექა კემულარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი