ახალი ამბები

მეშახტეებმა გაფიცვა შეწყვიტეს

3 თებერვალი, 2011 • 1085
მეშახტეებმა გაფიცვა შეწყვიტეს

მეშახტეების გაფიცვა ტყიბულში შეწყდა. ეს გადაწყვეტილება მეშახტეებმა შპს „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორთან ზაზა სადუნიშვილთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა თამაზ დოლაბერიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მოთხოვნების 10–პუნქტიან მემორანდუმს, რომელიც მეშახტეებმა „საქნახშირის“ ადმინისტრაციას გაფიცვის დაწყებამდე წარუდგინეს შესასრულებად, დღეს, ერთის მხრივ, ზაზა სადუნიშვილმა მოაწერა ხელი და მეორეს მხრივ, პროფკავშირის ხელმძღვანელმა.

„თითქმის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა. უკვე მივიღეთ პირობა, რომ 1 მარტიდან 15%–ზე  მეტით გაიზრდება მოძრაობის უბნის თანამშრომლების ხელფასები, ასევე, 10 მარტამდე მოხდება სხვა მეშახტეების ანაზღაურების საკითხების გადახედვა და მათი ხელფასების კორექტირება,“ – ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

მისივე ინფორმაციით, შეთანხმება შედგა სხვა პუნქტებთან დაკავშირებითაც, როგორებიცაა– უსაფრთხოების სისტემისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესა შახტებში და ამ პროცესებში პროფკაშვირების მონაწილეობა. მოთხოვნებს შორის იყო შახტების აფეთქებების შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გაცემისა და მათი საბანკო დავალიანებების დაფარვის საკითხები.  

„სამწუხაროდ, ვინც აქამდე დაზარალდა, მათთვის კომპენსაციების გაცემაზე კომპანიამ უარი თქვა, სამაგიეროდ, შესანიშნავი პუნქტი ჩაიდო მემორანდუმში, რომლის მიხედვითაც, კომპანია „საქნახშირი“ მოითხოვს სადაზღვევო კომპანიისგან წელიწადში 30 შემთხვევის ანაზღაურებას, თითოეულ შემთხვევაზე 100 ათასი ლარის ოდენობით,“ – ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

ტყიბულელმა მეშახტეებმა გაფიცვა გუშინ დილას, 6 საათიდან, დაიწყეს. დღენახევრიანი გაფიცვის შემდეგ კომპანია „საქნახშირი“ მეშახტეების მოთხოვნების დაკმაყოფილებას დათანხმდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი