ახალი ამბები

გაფიცული მეშახტეები „საქნახშირის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას მართავენ

3 თებერვალი, 2011 • 1083
გაფიცული მეშახტეები „საქნახშირის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას მართავენ

ამ წუთებში „საქნახშირის“ ხელმძღვანელობა გაფიცულ მეშახტეებს ხვდება. მეშახტეების თქმით, გუშინ ადმინისტრაციამ მათი პირობების ნაწილის დაკმაყოფილებაზე სიტყვიერი თანხმობა განაცხადა.

„დღეს საბოლოოდ მივიღებთ დირექციის პასუხს და ამის მიხედვით გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა გაფიცვას,“ – უთხრა ნეტგაზეთს გიორგი ბაბუხადიამ, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის მეორე უბნის სამთო ოსტატმა, რომელიც, იმავდროულად, ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირის სამდივნოს წევრია.

მისივე თქმით, გუშინ ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს, როდესაც სამართალდამცავებმა ბაბუხადიას ძმა დააკავეს.

„გაუგებრობა იყო და მალე გაირკვა ყველაფერი: რაღაც დანაშაული მოხდა რაიონში და, როგორც მითხრეს, ამოცნობაზე წაიყვანეს ჩემი ძმა, თუმცა 15 წუთში გაათავისუფლეს“, – ამბობს გიორგი ბაბუხადია.

ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვა გუშინ დილას დაიწყო. ისინი ხელფასების მომატებასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას მოითხოვენ შახტების მფლობელი კომპანია „საქნახშირის“ ხელმძღვანელობისგან. მეშახტეებთან შეხვედრას ამ წუთებში „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი ზაზა სადუნიშვილი მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი