ახალი ამბებისაზოგადოება

მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 450 000 ლარი გამოუყო

15 იანვარი, 2016 • 2714
მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 450 000 ლარი გამოუყო

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს  450 000 ლარი გამოუყო.

შესაბამისი განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. 

თანხის გამოყოფაზე განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2015 წლის 30 დეკემბერს აწერს. პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურა წინა დღით, 29 დეკემბერს დაამტკიცა.

განკარგულებაში წერია, რომ ეს თანხა მთავრობამ საპატრიარქოს დაქვემდებარებული საგანმანათლებლო ცენტრისა და სასწავლო დაწესებულებების  სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გამოუყო.

ეს თანხა გამოიყო შემდეგი დაწესებულებებისთვის:

ა)   ა(ა)იპ − საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახ. სკოლა−პანსიონისათვის − 240 000 (ორას ორმოცი ათასი) ლარი;

ბ) ა(ა)იპ − საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სვიმონ კანანელის სახელობის      სასულიერო სწავლების ცენტრისათვის − 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

გ) ა(ა)იპ − მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური   საშუალო სკოლისათვის − 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი;

დ)  ა(ა)იპ − საქართველოს  საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახ. სამრევლო სკოლისათვის  −  10 000 (ათი ათასი) ლარი;

ე) ა(ა)იპ − ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლისათვის −   5 000 (ხუთი ათასი) ლარი;

ვ) ა(ა)იპ − საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიისათვის − 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.

განკარგულებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  დაევალა , „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საერთო−სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში მოიძიოს შესაბამისი  რესურსი საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის გასაზრდელად.  

ამ თანხის გარდა საპატრიარქომ 2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი მიიღო.

საპატრიაქროს საბიუჯეტო დაფინანსება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად სოლიდურად ფინანსდება.  2012 წელს ბიუჯეტიდან 22 მილიონ 800 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, 2013 წლიდან კი  ბიუჯეტში საპატრიარქოსთვის 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევის მიხედვით,  2002-2013 წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა 200 მილიონამდე ლარს შეადგენს.

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო,

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო,

საზოგადოების ნაწილის პროტესტი

საქართველოს არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების ნაწილი აპროტესტებს ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებას.

2015 წლის დასაწყისში ქუჩის ორმა არტისტმა  საპატრიარქოსთვის საბიუჯეტო თანხების გამოყოფა საპატრიარქოს შენობის წინ წარწერის “25 000 000 000” გაკეთებით გააპროტესტა. ეს პროტესტი პოლიციაში “გასაუბრებით” დასრულდა.

25 მილიონი- ქუჩის მხატვრების წარწერა საპატრიარქოსთან. თბილისი, საქართველო 04/01/2015 ფოტო: მარიამ ნატროშვილი

25 მილიონი- ქუჩის მხატვრების წარწერა საპატრიარქოსთან. თბილისი, საქართველო 04/01/2015 ფოტო: მარიამ ნატროშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი