ახალი ამბები

ტყიბულში გაფიცვა გრძელდება

2 თებერვალი, 2011 • 1060
ტყიბულში გაფიცვა გრძელდება

ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა გრძელდება. ამ წუთებში მინდელის სახელობის შახტის წინ 300–მდე ადამიანია შეკრებილი.

„შახტაში შესვლაზე პირველი ცვლის შემდეგ, მეორე ცვლის შემადგენლობამაც უარი თქვა, აქ ახლა მესამე ცვლის თანამშრომლებიც არიან და არც ისინი აპირებენ მუშაობას,“ – უთხრა ნეტგაზეთს გიორგი ბაბუხადიამ, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის მეორე უბნის სამთო ოსტატმა, რომელიც იმავდროულად ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირის სამდივნოს წევრია.

მისივე თქმით, გაფიცულ მეშახტეებს ადმინისტრაციიდან, ანუ შახტების მფლობელი კომპანია „საქნახშირის“ (ჯი–აი–ჯი ჯგუფის) ხელმძღვანელობიდან არავინ გამოხმაურებია.

„მაგათ გაავრცელეს ცრუ ინფორმაციაა, თითქოს „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა სადუნიშვილმა დაითანხმა რამდენიმე მეშახტე და წაიყვანა ისინი შახტაში. სინამდვილეში მან გაიყოლა თავისი ამალა – ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ანუ უბნის უფროსები. მინდელის სახელობის შახტა დღეს დილიდან გაჩერებულია და ნახშირის მოპოვება შეწყვეტილია. ადმინისტრაციიდან ჩვენ არავინ გამოგვხმაურებია,“ – ამბობს გიორგი ბაბუხადია.

გაფიცულების თქმით, მინდელის სახელობის შახტაში მხოლოდ მორიგეები შედიან.

„შახტაში შედის ვენტილაციის სამსახური, წყალქცევის სამსახური, რომელმაც წყალი უნდა ამოტუმბოს შახტებიდან. ეგ სამსახურები რომ არ შევიდნენ, გაფუჭდება იქ ყველაფერი. ჩვენ ის კი არ გვინდა, რომ გაფუჭდეს, ხვალ და ზეგ ისევ ვაპირებთ ჩასვლას, ოღონდ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ,“ – ამბობს გიორგი ბაბუხადია.

ჯი–აი–ჯი ჯგუფის ოფისში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ამ დროისთვის ოფისში არ იმყოფება „საქნახშირში“ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი პირი და მოგვიანებით დაკავშირება გვთხოვეს. სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ „საქნახშირის“ ხელმძღვანელებიც.

ტყიბულის მეშახტეებმა გაფიცვა დღეს, დილის 6 საათიდან, დაიწყეს. ისინი „საქნახშირისგან“ ხელფასების მომატებას და იმ მოთხოვნების შესრულებას მოითხოვენ, რაც 10–პუნქტიან მემორანდუმში ჩამოაყალიბეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი