ახალი ამბები

მეშახტეების გაფიცვა დაიწყო

2 თებერვალი, 2011 • 1221
მეშახტეების გაფიცვა დაიწყო

ტყიბულელმა მეშახტეებმა დღეს დილიდან გაფიცვა დაიწყეს. ამ წუთებში მინდელის სახელობის შახტის წინ 100–მდე მეშახტეა შეკრებილი.

„სანამ ადმინისტრაცია ხელფასებს არ მოგვიმატებს და ნორმალურ პირობებს არ შეგვიქმნის იმისათვის, რომ ვიმუშაოთ, მანამდე არ ვაპირებთ გაფიცვის შეწყვეტას,“ – ამბობენ მეშახტეები.

მოსალოდნელი გაფიცვის თაობაზე მეშახტეებმა ჯიაიჯი ჯგუფის შპს საქნახშირის (რომელიც გახლავთ ტყიბულის შახტების მფლობელი) ხელმძღვანელობა ორშაბათს, 31 იანვარს, გააფრთხილეს, მანამდე კი წერილობით გაუგზავნეს მოთხოვნების 10–პუნქტიანი ჩამონათვალი.

„31–ში, 4 საათზე, ჩავატარეთ გამაფრთხილებელი აქცია, პარალელურად ადმინისტრაციასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. იქ, ძირითადად, 10–დან 2 საკითხი იყო წამოწეული: 1. უსაფრთხოების სისტემის საკითხი და 2. ხელფასების საკითხი. უსაფრთხოების საკითხებზე ასე თუ ისე შეთანხმებამდე მივედით, მაგრამ ხელფასების საკითხთან დაკავშირებით არ მოხერხდა შეთანხმება, კატეგორიული უარი გვითხრეს“, – ამბობს გაფიცვის ერთ–ერთი მონაწილე გიორგი ბაბუხადია, რომელიც ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის მეორე უბნის სამთო ოსტატად მუშაობს.

ტყიბულელ მეშახტეებს დიფერენცირებული ხელფასები აქვთ, ყველაზე ცოტას ტრანსპორტის უბნის თანამშრომლებს უხდიან. მეშახტეები ამბობენ, რომ მათი საშუალო ხელფასი 250 ლარის ფარგლებში მერყეობს.

„ორშაბათს, როდესაც შევხვდით კომპანიის ხელმძღვანელობას, განვიხილეთ ჩვენი მოთხოვნების 10–ვე პუნქტი, მაგრამ ვერაფერზე მივიღეთ კონკრეტული პასუხი: ყველაფერზე გვეუბნებოდნენ – ეს საკითხები დიალოგის პროცესში განვიხილოთო, ერთადერთი, რაზეც კონკრეტულად გვითხრეს, იყო ის, რომ 20 თებერვლამდე ერთად უნდა გაგვევლო უსაფრთხოების საკითხები – ადმინისტრაციას, პროფკავშირებს და მეშახტეებს“ – ამბობს გიორგი ბაბუხადია.

მეშახტეები ამბობენ, რომ ისინი კანონით მინიჭებულ უფლებას იყენებენ. მათივე თქმით,  კანონის ფარგლებში მათ შეუძლიათ 3 თვის განმავლობაში გამოიყენონ გაფიცვის უფლება.

გაფიცულებს ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია „საქნახშირის“ ადმინისტრაციიდან. კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კუხალაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს დირექტორების შეხვედრა, რის შემდეგაც გახდება ცნობილი იმის თაობაზე, აპირებს თუ არა კომპანია მეშახტეების მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ტყიბულის გამგებელი ლევან დოხნაძე ამბობს, რომ შახტის გაჩერება არ შეიძლება.

„არანაირი ჩარევა არ იქნება ჩვენი მხრიდან ამ პროცესში, ვინაიდან ეს არის კერძო კომპანია, მათ ჰყავთ ხელმძღვანელობა, რომლებთანაც მიმდინარეობდა რამდენიმე დღის წინ მოლაპარაკება. მე რამდენადაც ვიცი, იმ 10–პუნქტიანი მემორანდუმის შესრულებაზე, რაც წამოაყენეს მეშახტეებმა, თანახმა იყო შახტის ხელმძღვანეობა და რა მოხდა მერე, ვერაფერს გეტყვით.  მე რამდენადაც ვიცი შახტის ხელმძღვანელობიდან, შახტა არ გაჩერდება“ – ამბობს ლევან დოხნაძე.

დღეს, დილის 6 საათიდან, ტყიბულის შახტის პირველი ცვლის 100–კაციანმა შემადგენლობამ პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა შახტაში შესვლაზე. გაფიცულები ამბობენ, რომ მათ სხვა ცვლის მეშახტეებიც გაუწევენ სოლიდარობას. ტყიბულის შახტებში ამ დროისთვის 1000–ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

ტყიბულის მეშახტეებმა საგაფიცვო კომიტეტი მას შემდეგ შექმნეს, რაც მინდელის სახელობის შახტაში ბოლო ცხრა თვის განმავლობაშ მესამე აფეთქება მოხდა. მომხდარი აფეთქებების შედეგად 9 მეშახტე დაიღუპა, 12 კი – მძიმედ დაშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი