პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელიც გუშინ, 1 თებერვალს, გაიმართა, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებას 2011 წლის საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში გამართავს.
პარლამენტის საგაზაფხულო სესიის სხდომები მომავალი კვირის სამშაბათს, 8 თებერვალს, დაიწყება.
დავით ბაქრაძის განცხადებით, მას კონსულტაციები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან და პრეზიდენტი მზად არის, პირველივე კვირაში მივიდეს პარლამენტში.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პრეზიდენტის სტუმრობა მისი მიუნხენში ვიზიტის გამო, სავარაუდოდ, 10 თებერვალსაა მოსალოდნელი. თუმცა საბოლოო თარიღთან და პროცედურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება და შეჯერებულ ვარიანტს პარლამენტი ბიუროს შემდეგ სხდომაზე დაამტკიცებს.
მომავალ სხდომაზე ასევე განიხილავენ ფრაქციის გარეშე დარჩენილი დეპუტატების, გიორგი ცაგარეიშვილისა და ჯონდო ბაღათურიას განცხადებებსაც პრეზიდენტის მოხსენების დროს სიტყვით გამოსვლის შესახებ, წერს პარლამენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი.