პოლიციამ „ტაბულას“ ჟურნალისტებზე თავდამსხმელთა ვინაობა დაადგინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ რესტორან “ჭაშნაგირში” ტელეკომპანია “ტაბულას” ჟურნალისტებზე თავდამსხმელთა ვინაობა დაადგინა.

როგორც შსს იტყობინება, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად რესტორან “ჭაშნაგირში” ტელეკომპანია “ტაბულას” ჟურნალისტებთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ოთხი პირი: 1988 წელს დაბადებული შალვა გ., 1988 წელს დაბადებული თორნიკე თ., 1990 წელს დაბადებული დემეტრე ლ. და 1994 წელს დაბადებული ანი ხ. დაადგინეს. შსს-ს ინფორმაცით, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

პოლიცია ტელეკომპანია “ტაბულას” ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეს საქართველოს სისხსლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით იძიებს, რაც ცემას გულისხმობს.

12 იანვარს, თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ტელეკომპანია ”ტაბულას” ჟურნალისტებს: ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს და ნინო მაჭარაშვილს რესტორან “ჭაშნაგირში” რამდენიმე პირი თავს დაესხა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ისინი თავდასხმას მათ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებენ. მათი თქმით, თავდამსხმელები ამბობდნენ, რომ არ მოსწონდათ “ტაბულას” მიერ რელიგიური თემატიკის გაშუქება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.