ახალი ამბები

ყველაზე მასშტაბური აქცია ეგვიპტეში სიმღერით და გალობით

1 თებერვალი, 2011 • • 1620
ყველაზე მასშტაბური აქცია ეგვიპტეში სიმღერით და გალობით

ათობით ათასი ადამიანი, ეგვიპტელების ზღვა ქაიროს ქუჩებში – წერს სიენენი და ბიბისი აქციების შესახებ, რომელიც დღეს ყველაზე მასშტაბურ ხასიათს ატარებს.

ჰოსნი მუბარაკის გადაყენების მოთხოვნით, სიმღერით, გალობით და ლოცვით, ეგვიპტელები დილიდან შეიკრიბნენ.

ბიბისის კორესპონდეტი იტყობინება, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებიდან დღევანდელი დღე ყველაზე მასშტაბურია, განსხვავებული იმითიც, რომ აქციის მონაწილეებს საზეიმო განწყობა აქვთ– მღერიან, გალობენ და ლოცულობენ.

ქაიროსთან ერთად, საპროტესტო აქციები იმართება ეგვიპტის მეორე დიდ ქალაქში – ალექსანდრიაში.

ჟურნალისტები, რომლებიც ბიბისისთვის ალექსანდრიიდან მუშაობენ, წერენ, რომ ალექსანდრიიდან კაიროში ჩასვლის მსურველი ძალიან ბევრია, თუმცა მათ გადაადგილების საშუალება არ აქვთ.

ეგვიპტის ორ დიდ ქალაქში მოსახლეობა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ერთი კვირაა იკრიბება.

რამდენიმე დღეა ეგვიპტეში არ არის ინტერნეტი, რადგან ადამიანები სოციალური ქსელების საშუალებით გეგმავდნენ აქციებს.

ორშბათს კომპანია გუგლმა  ეგვიპტელებისთვის სპეციალური მომსახურების შესახებ გააკეთა განცხადება.  ტელეფონის ნომრის აკრეფით შესაძლებელია თვითერზე მესიჯების გაგზავნა ან ხმოვანი შეტყობინების დატოვება.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მუბარაქის 30–წლიან მმართველობას ისინი აქციის მონაწილე მილიონი ადამიანით გააპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქალაქის ქუჩებში მილიონი ადამიანი გამოვა.

საპროტესტო აქციის ლიდერები, მუჰამედ ელბარადეის ჩათვლით, მუბარაკს მოუწოდებენ გადადგომის გადაწყვეტილება პარასკევამდე მიიღოს.

ელ ბარადეი ალ–არაბია ტივისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მუბარაქი დატოვებს ქვეყნის მმართველობას: “მე არ ვფიქრობ, რომ მას უფრო მეტი სისხლისღვრა უნდა“.

ბიბისის კორესპონდენტი, რომელიც ქაიროშია, ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობა დღეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ბოლო 7 დღის მანძილზე, რაც საპროტესტო აქციები იმართება ეგვიპტეში.

ეგვიპტის არმიამ ორშაბათს პირობა დადო, რომ ის არ გამოიყენებს ძალას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

ამავდროულად, ახალი ვიცე პრეზიდენტი, ომარ სულეიმანი ამბობს, რომ ის გამართავს ჯვარედინ მოლაპარაკებებს საკონსტიტუციო რეფორმებზე.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეგვიპტის არმიის განცხადება სერიოზული დარტყმაა პრეზიდენტ მუბარაკისთვის.

გაეროს ადამიანის უფლებების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ  მას შემდეგ, რაც ქაიროში საპროტესტო აქციები დაიწყო, შესაძლებელია დაღუპული იყოს 300 ადამიანი.

ეგვიპტის მეორე დიდ ქალაქში, ალექსანდრიაში,  პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანია შეკრებილი. რკინიგზის სადგურთან უამრავი ადამიანია თავმოყრილი იმის იმედით, რომ ისინი ქაიროში ჩავლენ.

დღეს უცნობმა უსაფრთხოების დამცველმა პირებმა განაცხადეს, რომ ქაირომდე მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტილია.

აქციის მონაწილეები ტაჰირის სკვერზე ორშაბათს ღამით შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ისინი იქ დარჩებიან, სანამ მუბარაქი არ დატოვებს პრეზიდენტის თანამდებობას.

1981 წლიდან დღემდე ჰოსნი მუბარაქი ეგვიპტის პრეზიდენტია. 30–წლიანი მმართველობისას ასეთი მასშტაბის საპროტესტო აქციები, როგორიც დღეს იმართება, ეგვიპტეში არ ჩატარებულა.

ელბარადეი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. ბარადეი, ნობელიანტი მშვიდობის დარგში, ეგვიპტეში ჩასვლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრობდა. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2011 წლის შემოდგომაზეა დანიშნული, არავინ იცის, გაიმართება თუ არა, რადგან მოვლენები საპროტესტო აქციებმა შეცვალა და დააჩქარა კიდეც.

ბარადეიმ, ისევე როგორც აქციის სხვა მონაწილეებმა, ეგვიპტის დღევანდელ პრეზიდენტს, მუბარაქს გადადგომისთვის დრო პარასკევამდე მისცა.

მიზეზი, რომელიც ეგვიპტელების უკმაყოფილებას იწვევდა, ამ წლების მანძილზე მუბარაქის ავტორიტარულ პოლიტიკას უკავშირდება.

ეგვიპტელები ცვლილებებს და იმედებს ბარადეის გამოჩენას უკავშირებენ. ისინი ფიქრობენ, რომ დრო დადგა ეგვიპტე დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს.

კაირო.1 თებერვალი
კაირო.1 თებერვალი

მასალების გადაბეჭდვის წესი