ახალი ამბები

ოქტომბრიდან თბილისში ახალი სამარშრუტო ტაქსები ივლიან

1 თებერვალი, 2011 • 1769
ოქტომბრიდან თბილისში ახალი სამარშრუტო ტაქსები ივლიან

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიების წარმომდგენლები პირობას დებენ, რომ  2011 წლის ოქტომბრიდან დედაქალაქში მგზავრები კომფორტულად და უსაფრთხოდ ივლიან.

დღეს ტენდერში გამარჯვებული ერთ–ერთი კომპანიის შპს „თბილისი ლაინის“ წარმომადგენელმა დავით ასანიძემ განაცხადა, რომ ახალი სამარშრუტო ტაქსების შემოყვანის შემდეგ დღეს დასაქმებულ მძღოლებს უმუშევრობა არ ემუქრებათ.

„სხვა თუ არაფერი, სხვა სამი ათასი მძღოლის პოვნა გაგვიჭირდება. პირიქით, მძღოლების რიცხვი გაიზრდება. რაც შეეხება მძღოლების სამუშაო პირობებს, ხელფასებს და ა.შ.  ამის განხილვა მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, გეგმას კვირის ბოლოს წარმოვადგენთ. ამჟამად კი იმის თქმა შეიძლება, რომ ჩვენ მათ დავაზღვევთ“, –ამბობს „თბილისი ლაინის“ წარმომადგენელი დავით ასანიძე.

ახალ სამარშრუტო ტაქსებს, როგორც ასანიძემ აღნიშნა, თურქეთიდან შემოიყვანენ, ყველა მათგანი ყვითელი ფერის, ფორდის ფირმის და კონდიცირებით აღჭურვილი იქნება.

ძველი სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლება ეტაპობრივად მოხდება და 2011 წლის ოქტომბრისთვის პროცესი დასრულდება.

რაც შეეხება დღეს მოქმედ სამარშრუტო ტაქსებს, როგორც თბილისის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა აკაკი ჯოხაძემ აღნიშნა, მათ მეპატრონეებს შეუძლიათ გაყიდონ ისინი, ან ავტოფარეხში იქონიონ.

დღეს, დაახლოებით ორ საათზე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, ლავრენტი ალანიამ თბილისის მერიის მიერ დასახელებულ ტენდერში გამარჯვებულ ოთხ კომპანიასთან გააფორმა.

მემორანდუმის მთავარი მიზანი სამარშრუტო ტაქსებზე მომუშვე მძღოლების სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა.

თბილისის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის თავმჯდომარის აკაკი ჯოხაძის თქმით, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად კონკურსში ყველაზე ღირსეული კომპანიები მოხვდნენ.

ამასთანავე, აკაკი ჯოხაძე ამბობს, რომ არ არის ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ ვინ დგას ამ გამარჯვებული კომპანიების უკან და უარყოფს ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდებას, რომ მათ უკან ერთი ადამიანი, ბილაინის მეწილე მერაბ შარანგიაა.

„მე არ ვფლობ ინფორმაციას, რომ ვინმე დგას ამ კომპანიების უკან. მე ის ვიცი, რომ ტენდერი სამართლიანად ჩატარდა და ამ ოთხმა კომპანიამ ყველაზე ბრწყინვალედ წარმოადგინა სატენდერო მოთხოვნები.

თბილისის მერიამ კონკურსი M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად უკვე დაასრულა.  გამარჯვებული კომპანიებია:

ვაკე–საბურთალოს რაიონი  –  შპს „თბილ ლაინი“

ძველი თბილისი–დიდგორის რაიონი– შპს „კაპიტალ გრუპი“

დიდუბე–ჩუღურეთის რაიონი–შპს „თბილ ქარი“

გლდანი–ნაძალადევის რაიონი–შპს „თბილ ლაინი“

ისანი–სამგორის რაიონი–შპს „ფაბლიქ ქარი“

თბილისის მერიამ კონკურსი 2010 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა. გამარჯვებულ კომპანიებს ნებართვას ერთჯერადად, 20 წლის ვადით მისცემენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი