საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე დღეს რამდენიმე კანონპროექტს განიხილავენ, რომელთა შორისაა:
1) “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
2) “თავისუფლების ქარტია”;
3) “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე.
აღნიშნულ კანონპროექტებთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:
საია იმედს გამოთქვამს, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები და დამატებები უზრუნველყოფს მაუწყებელთა მფლობელებისა და მათი ფინანსური მდგომარეობის რეალურ გამჭვირვალობას. საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს ინფორმაცია ყველა იმ ფიზიკური პირის შესახებ, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ფლობენ მედია საშუალებას. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია უფრო მეტი ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ამ სფეროში, დაფინანსების წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მიღების ჩათვლით. ხოლო ეროვნული მაუწყებლებისათვის თანაზომიერად მიგვაჩნია ფინანსური ანგარიშგების გამკაცრება, მათი აუდიტორიაზე გავლენის მოხდენის პოტენციალის გათვალისწინებით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება “თავისუფლების ქარტიის” არსებული რედაქციის კანონად ქცევას. აღნიშნული დოკუმენტი, სამწუხაროდ, 2 მოსმენით უკვე მიღებულია. “თავისუფლების ქარტიის” ზოგიერთი ნორმიდან საერთოდ შეუძლებელია აზრის გამოტანა და ავტორის ჩანაფიქრის გარკვევა. კანონპროექტის შინაარსობრივი და გრამატიკული გაუმართაობა ქმნის ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ საფრთხეს. იგი მიზნად ისახავს ურთიერთობათა ფართო სფეროს რეგულირებას, თუმცა ვერ უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან მოწესრიგებასა და დასახული მიზნების განხორციელებას.
“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონში გამიზნულია დამატების შეტანა. აღნიშნული გულისხმობს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ გამოცემულ ნაბეჭდ პროდუქციაზე წარწერის განთავსების იძულებას. წარწერა შეეხება საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციას. ჩვენი მოსაზრებით, აღნიშნული დამატების მიღებისათვის მწვავე სოციალური საჭიროება არ არსებობს და ის არაპროპორციულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. აუცილებლად მიგვაჩნია ნორმის მოქმედების არეალის შეზღუდვა, რათა ის არ გავრცელდეს ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიული პირებზე. შესაბამისად, კანონპროექტი საჭიროებს მინიშვნელოვან გადამუშავებას, რათა შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასა და ევროკონვენციასთან.
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნა და 24 ივნისს დაიხურება.