ნეტგაზეთი | SOCAR: ჯერ არ ყოფილა მიზეზი პროგნოზისთვის, რომ საქართველოსთვის საკმარისი გაზის მოწოდებას ვერ შევძლებთ SOCAR: ჯერ არ ყოფილა მიზეზი პროგნოზისთვის, რომ საქართველოსთვის საკმარისი გაზის მოწოდებას ვერ შევძლებთ – Netgazeti
RU | GE  

SOCAR: ჯერ არ ყოფილა მიზეზი პროგნოზისთვის, რომ საქართველოსთვის საკმარისი გაზის მოწოდებას ვერ შევძლებთ

”სოკარის” წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მაჰირ მამედოვი ტელეკომპანია ”მაესტროსთან” საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს მოთხოვნა ბუნებრივ აირზე ნელი ტემპით იზრდება და პროგნოზირებადია.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლის თქმით, ჯერ არ ყოფილა მიზეზი ისეთი პროგნოზისთვის, რომ ”სოკარი” საქართველოსთვის გაზის საკმარისი ოდენობის მოწოდებას ვერ შეძლებს.

”საქართველოს მოთხოვნა ბუნებრივ აირზე ნელი ტემპით იზრდება და პროგნოზირებადია. ამ პროგნოზებს ჩვენს გეგმაში ყოველთვის ვითვალისწინებთ. ამიტომ არაფერი მოულოდნელი არ არის. ზრდა წელიწადში 8-9%-ს გულისხმობს. თუ რაიმე რადიკალური ცვლილება იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას ყოველთვის წინასწარ მივიღებთ. ჯერ არ ყოფილა არავითარი მიზეზი ისეთი პროგნოზისთვის, რომ ჩვენ საქართველოსთვის გაზის საკმარისი ოდენობის მიწოდებას ვერ შევძლებთ. ასე რომ, საქართველოს ბუნებრივი აირი გეგმის მიხედვით მიეწოდება. გვაქვს ორი გაზსადენი, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს. ზამთარში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა გაცილებით მეტია, თუმცა ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი. შესაბამისად, მოწოდებასაც ვზრდით,” – აცხადებს მაჰირ მამედოვი ტელეკომპანია ”მაესტროსთან” საუბრისას.

აზერბაიჯანი ამ დრომდე საქართველოს ძირითადი გაზმომმარაგებელია.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში აზერბაიჯანიდან შემომავალი მილსადენი საკმარის გაზს ვერ აწვდის და შეუძლებელია ამავე მილსადენში მოცულობის გაზრდა.

ვიცე-პრემიერმა გუშინ, 12 იანვარს, ბოდიში მოუხადა საზოგადოებას იმისთვის, რომ რუსული კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრები პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა და ”ლაივის” გაკეთება შეუძლებელია.

გაზმომარაგების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს მთავრობამ რუსულ ”გაზპრომთან” დაიწყო მოლაპარაკებები. კალაძე Gazprom-ის მხარეს რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებების დეტალებს სამინისტრო ამ დრომდე არ ასაჯაროებს.

გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ საქართველომ ”გაზპრომთან” მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთიდან გაზმომარაგების მოცულობის გაზრდის მიზნით, საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია. ჩატარდა საპროტესტო აქციაც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.