ახალი ამბები

,,ახალმა მემარჯვენეებმა” ხელისუფლებას ინფლაციის დაძლევის გეგმა შესთავაზეს

27 იანვარი, 2011 • 1039
,,ახალმა მემარჯვენეებმა” ხელისუფლებას ინფლაციის დაძლევის გეგმა შესთავაზეს

დღეს საგანგებო ბრიფინგზე  ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ხელისუფლებას ინფლაციის დაძლევის გეგმა შესთავაზა.

გამყრელიძის თქმით,  აღნიშნული გეგმის შექმნისკენ ,,ახალ მემარჯვენეებს’’ 25 იანვარს გამართულმა ტელეშოუმ ,,პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს” უბიძგა:

,,გადაცემამ დაგვარწმუნა, რომ ხელისუფლებას არ აქვს გაცნობიერებული ასეთი მაშტაბის ინფლაციის შედეგები, ნაკლებად გრძნობს პასუხისგებლობას იმ მოსახლეობის წინაშე, რომელთაც ინფლაციური პროცესები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აყენებს და არ გააჩნია ამ პროცესის მოთოკვის სამთავრობო პროგრამა’’,-განაცხადა დავით გამყრელიძემ.

 „ინფლაცია არის მთავარი ეკონომიკური გამოწვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ჩვენი შემოსავლის ქვეყანას ეს ურტყამს… საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც არც ერთი ქვეყნის მთავრობა, არ ფლობს ბერკეტებს ამ სახის ინფლაციის შეჩერების… ჰიპერინფლაციას ჩვენ არ დავუშვებთ, ჩვენ გვაქვს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. ჩამოშლა და ჰიპერინფლაცია საქართველოში არ გვექნება. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი, საქართველო განვითარდეს კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით, ვიდრე ისინი ვითარდებიან, ვინც გამოიწვია ინფლაცია“, –განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 იანვარს პრიდაპირ ეთერში.

,,ახალი მემარჯვენეების’’ შემოთავაზებული პროგრამა ხუთ პუნქტს შეიცავს:

1.      ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების მიზნით, მთავრობამ პარლამენტში ხელახალი განხილვისთვის დააბრუნოს 2011 წლის საქართველოს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირებული ხარჯვითი ნაწილით;

2.      ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება საშუალებას მოგვცემს, მინიმუმამდე დავიყვანოთ ისეთი გადასახადები, როგორაცაა– დღგ და აქციზი;

3.      ხელოვნური მონოპოლიების აღკვეთის მიზნით, მოიხსნას ხელისუფლების მხრიდან საბაჟოზე არსებული არაოფიციალური შეზღუდვები სურსათის და ფართო მოხმარების პროდუქტების იმპორტზე;

4.      დაშინებული ადგილობრივი ბიზნესის გამოსაცოცხლებლად საქართველოს პარლამენტმა შეიტანოს ცვლილებები შესაბამის კაონმდებლობაში ეკონომიკური დანაშაულის გამო აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების აკრძალვის თაობაზე;

5.      საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების სტიმულირების მიზნით, ამ დარგში განხორციელებული ინვესტიციები უახლოესი 5 წლის განმავლობაში გათავისუფლდეს ყოველგვარი სახელმწიფო გადასახადისაგან.

,,ახალი მემარჯვენეების’’ თქმით, მზად არიან, წარმოდგენილი ანტიინფლაციური გეგმა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად განიხილონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი