დღეს, 15:00 საათზე, გერმანიის საელჩოს საკონსულო განყოფილებასთან დევნილები შეკრიბნენ. მათ საკონსულოს წარმომადგენელს 80 განცხადება გადასცეს. დევნილები გერმანიას თავშესაფარს სთხოვენ. საელჩოს წარმომადგენელმა განცხადებები აქციის მონაწილეების თვალწინ გაატარა რეგისტრაციაში. დევნილების თქმით, მათ განუმარტეს, რომ პასუხს რამდენიმე დღეში შეატყობინებენ.
,,ხელისუფლებამ იმ დონემდე მიგვიყვანა, რომ სამშობლოს დატოვებაზე დავიწყეთ ფიქრი. რაც გაგვიკეთეს, ვანდალიზმია. მე 2008 წლიდან ვცხოვრობდი ზუბალაშვილის 42 ნომერში, 2 შვილის დედა ვარ. ქუჩაში გამოგვყარეს და სადღაც ფოცხოსა და ეწერში გვიპირებენ გადასახლებას. თვალით არ მაქვს ეგ ადგილები ნანახი და არც სურვილი მაქვს’’, – აცხადებს დევნილი ნანა კვირტაია.
ხვალ, 11 საათზე, დევნილები გამომცემლობა ,,სამშობლოსთან” შეიკრიბებიან, საიდანაც საფრანგეთის საელჩოსთან აპირებენ გადანაცვლებას.
ხვალვე გამოცხადდება იმ გრანდიოზული აქციის თარიღიც, რომლის ჩატარებასაც დევნილები გეგმავენ.