გაზეთ “ბათუმელების” ინფორმაციით, აჭარაში, გონიოში მცხოვრებ 271 ოჯახს შესაძლოა მიწის ის ნაკვეთები ჩამოართვას, რომლებიც 2007-2008 წლებში სახელმწიფომ მათ საკუთრებად აღიარა. მიზეზად გონიო-აფსაროსის არქეოლოგიური ზონა სახელდება. მოსახლეობამ საკუთრების ხელყოფის ფაქტი აჭარის მთავრობის სახლის წინ რამდენჯერმე გააპროტესტა, დაზარალებულები თურქეთის კონსულსაც შეხვდნენ, როგორც თავად მოქალაქეები ამბობენ, “საქართველოს პრეზიდენტამდე ამბის მისატანად”. “მთავრობისგან პასუხი ვერ მივიღეთ. ვარშალომიძიდან პასუხი რომ არ იყო, თურქეთის საკონსულოში მისვლა გადავწყვიტეთ. მათთან ჩვენი მისვლის მიზანი იყო ის, რომ როგორმე სააკაშვილისთვის მიგვეწვდინა ხმა, თორემ ადგილობრივებს ვერ გავაგებინეთ ვერაფერი,” _ ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის და ეკონომიკური განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, გონიო-აფსაროსის არქეოლოგიური ზონა 2006 წელს დამტკიცდა. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით კი, არქეოლოგიური დაცვის ზონაში მიწის ნაკვეთების გასხვისება უნდა განხორციელებულიყო კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, მის მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობით. სწორედ ამაზე არ შეთანხმებულან თავის დროზე სამინისტრო და მიწის საკუთრების აღიარების კომისია, რაც იურისტების განმარტებით, საკმარისი პირობაა იმისათვის, რომ ამჟამინდელ კომისიას ძველი მოწმობები ბათილად ეცნო.
არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ გარკვეულწილად აღიარებულ იქნა ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლებით აღიარებას”, _ ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკა ვაჩეიშვილის წერილში, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეგზავნა. თუმცა საქართველოს კანონი ამ ნაკვეთების საკუთრების უფლებით აღიარებას არ კრძალავდა და არ კრძალავს. ამდენად, მიწის კომისიამ საქმეების გადახედვისთვის იურიდიულად უსაფუძვლო, არასწორი არგუმენტაცია მოიყვანა, რითიც განაცხადა, რომ ამ მიწების გასხვისება არ შეიძლებოდა.
არაოფიციალური ცნობით, გონიოს ციხის სიახლოვეს ხელისუფლება სასტუმროების მშენებლობას გეგმავს. დაწყებულია მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზეც, რომელიც არქეოლოგიურ ზონაში მშენებლობის წესებს ამარტივებს.
“ხელვაჩაურის კომისია ყველაფერს იტყუება. ეტყობა, ზევით მფარველები ჰყავს. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ გონიოს ციხესიმაგრე მსოფლიო მნიშვნელობისაა. ეს ასე არ არის. იგი რესპუბლიკური მნიშვნელობისაა. ამასთან, მიწას ყველას უუქმებენ. არც ერთი კაცი არ დარჩა, მიწა რომ არ ჩამოერთვათ. ჩვენ მიწა, როგორც საარსებო წყარო, არ გვრჩება”, _ ამბობს გონიოელი ენვერ ირემაძე. მას მიწა ხელვაჩაურის კომისიამ 2007 წლის დეკემბერში გადასცა საკუთრებაში. მიწის ნაკვეთი გონიოს ციხიდან 250 მეტრის მოშორებით, ბათუმი-სარფის მაგისტრალთან, მდებარეობს. ენვერ ირემაძეს შეჰპირდნენ, რომ იქ სახლის აშენების უფლებას მისცემდნენ: “ყველა სპეციალისტმა და ხელვაჩაურის არქიტექტურის სამსახურმაც მითხრა, რომ სახლს ამაშენებინებდნენ. პროექტი შევიტანე. სახლი რომ ამეშენებინა გონიოში, ბინა გავყიდე. შემდეგ მომწერეს: “კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით უარი გეთქვათ პროექტის დამტკიცებაზეო”. ნაკვეთზე შევიტანე ჯიხური, გავალამაზე იქაურობა და დავიწყე ცხოვრება. ახლა ეს მიწაც გამიუქმეს. ღია ცის ქვეშ დავრჩი”.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2010 წლის 3 დეკემბერს თავისი #39 ოქმით გონიოში მიწის ცალკეულ ნაკვეთებზე საკუთრების უფლება 271 ოჯახს გაუუქმა. არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრის” სამართლებრივი შეფასებით კი ეს ოქმი არის უკანონო და ყველა სამართლებრივ საფუძველს მოკლებული. არსებითი დარღვევა ასევე იყო ის, რომ გონიოელებს საკუთრების უფლება სხდომაზე ისე ჩამოართვეს, არც ერთ მათგანს არ აცნობეს სხდომის თაობაზე. საქართველოს ზოგადადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, როცა ადმინისტრაციული საქმის წარმოება მიმდინარეობს, რომელიც რაღაც ნაწილში ამა თუ იმ პიროვნების ინტერესებს პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება, ისინი სხდომაზე დაბარებულნი უნდა იყვნენ სათანადო წესით. რადგან არც ერთი მათგანი არ დაიბარეს და მოქალაქეებისგან მალულად ჩაატარეს სხდომა, ეს სამართლებრივად ოქმის ბათილობას იწვევს.
“სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელის, ჯუმბერ დიდმანიძის განცხადებით, ორგანიზაცია აპირებს სარჩელი შეიტანოს ხელვაჩაურის საკუთრების აღიარების კომისიის წინააღმდეგ, ამ კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის #39 ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით: “თავიდანვე ვფიქრობდით, რომ ჩვენი ინიციატივით გაგვესაჩივრებინა ეს აქტი, რომ არ გასულიყო ხანდაზმულობის ვადა, მაგრამ დაზარალებული ადამიანები თავად არიან დაინტერესებულნი აქტის გასაჩივრებით. ამ ეტაპზე, უბრალოდ, ვეხმარებით მათ. ამ ადამიანებს ესმით, რა არის სახელმწიფო და მისი ინტერესები, მაგრამ ამ ინტერესებმა მათი უფლებები არ უნდა შელახოს” .
ამ და სხვა საინტერესო მასალებს გაეცნობით ვებგვერდზე: www.netgazeti.ge
საკუთრების ხელყოფის ფაქტებს უკავშირდება გაზეთ “გურია ნიუსში” გამოქვეყნებული სტატია. “გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, პროკურატურამ იმ მიწების პრივატიზების კანონიერების შესწავლა დაიწყო, რომელიც ლეგალიცაზიის კომისიის მიერ არის გაცემული 2007-2010 წლებში. საქმე მხოლოდ ბახმაროს მიწებს არ ეხება. გაზეთის ინფორმაციით, გურიის ახალი პროკურორი კახა კოჩივარი პირადად დაინტერესდა ყველა იმ მიწით, რომელიც სამივე მუნიციპალიტეტში ლეგალიზაციის კომისიამ გასცა. პროკურორის ინტერესის სფეროში 2 ჰექტარზე მეტი მიწის მფლობელები მოექცნენ, განურჩევლად მიწის ადგილმდებარეობისა. წყაროს ცნობით, კოჩივარმა მიწის მფლობელები უნდა აიძულოს, რომ თუნდაც კანონიერად დაკავებული მიწები სახელმწიფოს საკუთარი ნებით გადასცენ. შესაძლოა, ეს ყველაფერი პრეზიდენტის ახალ ინიციატივას უკავშირდებოდეს, რომელმაც საჯარო შეხვედრაზე განაცხადა, რომ დაუმუშავებელ მიწებს მფლობელებს ჩამოართმევენ.
_ კოჩივარი ახალგაზრდა კადრია და, ბუნებრივია, მას ხელმძღვანელებთან თავის გამოჩენა უნდა. ალბათ ამიტომაცაა, რომ პროკურატურაში დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს იბარებენ და აიძულებენ, მიწები ჩააბარონ. საქმე ეხება იმ პირებს, რომლებსაც კომისიის მიერ 2 ჰექტარზე მეტი მიწა აქვთ დაკანონებული. უნდა ითქვას ისიც, რომ მიწები ყოველგვარი კანონის დაცვით არის პრივატიზებული, თუმცა პროკურატურას ეს კანონიერება სულ არ ადარდებს, _ ამბოს გაზეთთან საუბარში კარგად ინფორმირებული წყარო.
ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს ყოფილი პროკურორის, ილია ჯალაღანიას გურიაში ჩამოსვლას, რომელიც სულ რამდენიმე დღის დანიშნული იყო, როცა რაიკავშირის ხელმძღვანელები დაიბარა და ქონება სახელმწიფოსთვის “აჩუქებინა”. კოჩივარის დავალება კი, როგორც ირკვევა, მიწებს ეხება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფოს “ნებაყოფლობით” მიწა 13-მა ადამიანმა გადასცა, რაც რამდენიმე ასეულ ჰექტარს შეადგენს.
_ ყველა ამ პიროვნებამ განცხადება მიწის ჩაბარების შესახებ მას შემდეგ დაწერა, რაც კოჩივარის კაბინეტში რამდენიმე საათი გაატარა, _ აღნიშნავს რესპონდენტი.
მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ კოჩივარი მიწის მფლობელებთან ნაჩუქრობის თუ მიტოვების განცხადების დასაწერად სხვადასხვა ხერხს იყენებს და ზოგთან მუქარასაც არ ერიდება:
_ ერთ ადამიანს, რომელსაც რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა სრულიად კანონიერად ჰქონდა მფლობელობაში, მას შემდეგ “აჩუქებინეს”, რაც შვილის ციხეში გაშვებით დაემუქრნენ, _ ამბობს წყარო ჟურნალისტთან საუბარში.
ამ და სხვა საინტერესო მასალებს გაეცნობით “გურია ნიუსის” ვებ-გვერდზე: www.gurianews.ge
„ამ წერილს ვწერ დიდი შიშით. ვბედავ და გაწვდით იმ ინფორმაციას, რაც სინამდვილეა“, – გაზეთ “ქართლის ხმას” ციხიდან დავით ღოლიჯაშვილი წერს, რომელსაც 25-წლიანი პატიმრობაა აქვს მისჯილი ამსტერდამიდან სუბოტექსის შემოტანის ბრალდებით. გაზეთის ინფორმაციით, ამავე საქმეზე დაკავებული უშიშროების თანამშრომელი ლევან ალელიშვილი დაკავებიდან რამდენიმე დღეში საკანში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის ვერსიით, მან თავი ჩამოიხრჩო. თუმცა არის მეორე ვერსია, რომ ის „მოიცილეს“. დავით ღოლიჯაშვილს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი ბრალს დებს, რომ სუბოტექსი მან უშიშროების თანამშრომელს ალელიშვილს ჩამოუტანა. დაკავებისას და შემდგომ პერიოდში ღოლიჯაშვილს ფიზიკურად რამდენჯერმე გაუსწორდნენ. მას ჯანმრთელობის პრობლემები მანამდეც ჰქონდა _ ორივე ფეხზე მენჯ-ბარძაყის პროთეზირება სჭირდებოდა, მაგრამ ახლა ჯანმრთელობა ისე შეერყა, რომ, როგორც გაზეთთან საუბარში დავითის მამა ვახტანგ ღოლიჯაშვილი ამბობს, “თუ არ მიხედეს, მალე მოკვდება”.
„დამოუკიდებლად არათუ სიარული ან გადაადგილება, არამედ საწოლიდან წამოდგომაც კი უჭირს. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. როგორ შეიძლება, ადამიანს ასეთი რამე გაუკეთო?! წარმოიდგინეთ, რომ ბრალი ედება ამსტერდამიდან სუბოტექსების ჩამოტანა, როდესაც აეროპორტი გამოიარა და იქ ვერაფერი აღმოუჩინეს. ასევე აბრალებენ, თითქოს აეროპორტის ავტობუსში ნაპოვნი სუბოტექსის 600 აბი მისი დაყრილია, მაშინ, როცა ამის არც თვითმხილველი არსებობს, არც რაიმე მტკიცებულება,” _ ამბობს დავით ღოლიჯაშვლის მამა ვახტანგ ღოლიჯაშვილი.
გორში მცხოვრები დავით ღოლიჯაშვილი დიღმის ტრასაზე, გადასახვევთან, 2007 წლის 1 თებერვალს დააკავეს. მას იმ მომენტში ჯიბიდან სამი აბი სუბოტექსი „ამოუღეს“.
როგორც საქმის მასალებიდან ვიგებთ, დავით ღოლიჯაშვილი ამსტერდამიდან ორი თვით ადრე, 2006 წლის 27 დეკემბერს ჩამოფრინდა. მისი თქმით, ამსტერდამში მენჯ-ბარძაყის სამედიცინო პროფილაქტიკისთვის და ოპერაციისთვის მოსამზადებელი შემოწმების მიზნით იმყოფებოდა. თბილისში დაბრუნებულ ღოლიჯაშვილს და საერთოდ სხვა მგზავრებსაც აეროპორტში მკაცი შემოწმება ჩაუტარეს. შემდგომში, დაკითხვის დროს, სწორედ ეს დღე გაუხსენეს და დასდეს ბრალი, თითქოს მან 200 აბი სუბოტექსი ამსტერდამიდან იმ დროს ჩამოიტანა. მისივე თქმით, მას აიძულებდნენ უშიშროების თანამშრომლის, ლევან ალელიშვილის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება.
დავით ღოლიჯაშვილმა ფიზიკურ ზემოქმედებას ვერ გაუძლო და პროკურორს აღიარებითი ჩვენება მისცა. თუმცა დაპირებული საპროცესო შეთანხმება არ შესრულდა. აღნიშნულმა საქმემ უზენაესი სასამართლო მოიარა და მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
“ვყვიროდი – ადვოკატი მომიყვანეთ-მეთქი. ადვოკატი არა, შენი დედაო!.. ახლაც მეშინია მათი, მაგათი სახეების. ამას რომ ვწერ, უკვე ისე ვარ, რომ ჩემთვის სიცოცხლე უკვე გაუფასურებულია. რაც არ უნდა მიყონ, ჩემთვის აღარა აქვს მნიშვნელობა. რაღა უნდა მიყონ? ფაქტობრივად, დამხვრიტეს! იმდენი ხნით პატიმრობა მომისაჯეს უდანაშაულოს. ერთი იმის იმედი მაქვს, რომ ღმერთი არსებობს“, – წერს “ქართლის ხმას” დავით ღოლიჯაშვილი