ახალი ამბები

რა შეიცვალა გადაცემაში “პრეზიდენტი გისმენთ”

25 იანვარი, 2011 • • 859
რა შეიცვალა გადაცემაში “პრეზიდენტი გისმენთ”
გადაცემა “გისმენთ პრეზიდენტი”, რომელიც ეთერში 18:00 საათზე გავა, ერთდროულად რამდენიმე ტელეკომპანიას მოიცავს: ჟურნალისტები ტელეკომპანია “მზის” შენობიდან ჩაერთვებიან, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხი – “პირველი საინფორმაციო კავკასიურია” განთავსებული. პრეზიდენტი კი “რუსთავი 2″–ის სტუდიიდან გასცემს პასუხებს მოქალაქეთა შეკითხვებს. 
“ეს არის მთლიანად პირველი საინფორმაციო კავკასიურის პროექტი და ჩვენ მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებში ვეხმარებით”,–განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ნეტგაზეთთან საუბრისას გადაცემაზე –”პრეზიდენტი გისმენთ”.

თუმცა პირველ საინფორმაციო კავკასიურს მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, დღეს არ ესტუმრება, რადგან მისი ჩართვა პირდაპირ ეთერში რუსთავი2–ის სტუდიიდან იგეგმება.

ნეტგაზეთის კითხვაზე, არის თუ არა დღეს პიკის სტუმარი მიხეილ სააკაშვილი, მანჯგალაძე გვპასუხობს, რომ მან  არ იცის.

“ჩვენი სტუდიიდან არა, არ ვიცი, ვერ დაგიზუსტებთ, ვერ გეტყვით” – ამბობს პიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ინგა ნიკაგოსიანი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა “დიალოგის” ავტორი, ჟურნალისტი დავით პაიჭაძე, ამბობს, რომ თავად ტელეკომპანია მზის შენობაში (სადაც პირველი საინფორმაციო კავკასიურია განთავსებული) მიწვეულ ჟურნალისტებთან ერთად ჩაერთვება პირდაპირ ეთერში. იგი იქნება მედიატორი ჟურნალისტებსა და პრეზიდენტს შორის.

პაიჭაძე ამბობს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მისი ინფორმაციით, რუსთავი 2–ის სტუდიიდან ჩაერთვება პირდაპირ ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი