ახალი ამბები

ვის შეკითხვებს უპასუხებს პრეზიდენტი

25 იანვარი, 2011 • • 1117
ვის შეკითხვებს უპასუხებს პრეზიდენტი

30–მდე მედია საშუალების ჟურნალისტს ექნება შესაძლებლობა, დაესწროს გადაცემას „პრეზიდენტი გისმენთ“, თუმცა რამდენ მათგანს ექნება კითხვების დასმის საშუალება, არ არის ცნობილი.

რამდენიმე ათასი კითხვა პრეზიდენტისთვის სპეციალურად შექმნილმა ქოლ ცენტრმა უკვე მიიღო. პრეზიდენტის პრეს–სპიკერი, მანანა მანჯგალაძე ამბობს, რომ რთულია ზუსტი ციფრის დასახელება, რადგან კითხვების რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება.

დღეს, საღამოს 6 საათიდან, პრეზიდენტი პირველი საინფორმაციო კავკასიურის (პიკ) სტუდიაში მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხებს.

კითხვებისთვის დასმისთვის სპეციალური ტელეფონის ნომერია გამოყოფილი, გარდა ამისა, როგორც ეკატერინე კოტრიკაძე, პიკის საინფორმაციოს უფროსი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, შეკითხვებს ინტერნეტითაც იღებენ.

მედიასაშუალებების ნაწილი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიწვია, ნაწილმა კი თავად გამოთქვა სურვილი.

სურვილის გამოთქმა საკმარისი არ იყო მიწვევისთვის, რადგან ნეტგაზეთს და გაზეთ ბათუმელებს, სურვილის გამოთქმის მიუხედავად, უარი ეთქვათ.

ჟურნალმა ლიბერალმა თანხმობა მიიღო. გადაცემას  დაესწრება ჟურნალ ტაბულას ჟურნალისტიც.

ადმინისტრაციამ თბილისში მოქმედი ყველა ტელევიზია და ორი რეგიონული მაუწყებელი (25–ე არხი და თრიალეთი) მიიწვია.

როგორც მანჯგალაძე ამბობს, მაესტრო, კავკასია, რუსთავი 2, იმედი, პირველი არხი და თბილისში არსებული ყველა  ტელევიზია დღევანდელ გადაცემაში ჟურნალისტს გაგზავნის. მიწვეულია, ასევე, ინტერნეტ ტელევიზია – აიტივი.

ტელევიზიების გარდა, მიწვეულები არიან რადიო ფორტუნასა და რადიო იმედის ჟურნალისტები, ასევე, კახეთის რეგიონული რადიოკომპანიის, ჰერეთის წარმომადგენელი.

„ჩვენ შევეცადეთ, ადგილობრივი მედიები ყოფილიყვნენ“, – ასე პასუხობს მანჯგალაძე კითხვას, არის თუ არა მიწვეული რადიო თავისუფლება.

გადაცემაში – „გისმენთ პრეზიდენტი“, ზემოთ ჩამოთვლილი ტელევიზიებისა და რადიოსადგურების გარდა,  მიწვეულები არიან გაზეთების – 24 საათი, რეზონანსი, კვირის პალიტრა, ვერსია, ახალი თაობა – ჟურნალისტებიც. არც ერთი ჟურნალისტი არ არის მიწვეული რეგიონული ბეჭდური მედიიდან.

ნეტგაზეთთან საუბარში მანანა მანჯგალაძე ამბობს, რომ ჟურნალისტები აქტიურობის მიხედვით შეარჩიეს.

„სურვილის გამოთქმაც იყო და აქტიურობების მიხედვითაც – ყველაზე ხშირად ვინც ესწრება ჩვენს ღონისძიებებს. ყველასთვის კარი ღია იყო, ერთადერთი შეზღუდვა ის იყო, რომ ყველა მედია საშუალება ვერ დაეტეოდა“, – ამბობს მანჯგალაძე.

მედია, რომელიც მიიწვიეს და გადაცემაში მისვლაზე უარი განაცხადა, გაზეთი ალიაა.

დღეს ტელეკომპანია პირველ საინფორმაციო კავკასიურში, ჟურნალისტები  ვახო სანაია, დავით პაიჭაძე (პირველი არხი) და ეკატერინე კოტრიკაძე (პიკი) გაუძღვებიან გადაცემას – “პრეზიდენტი გისმენთ“.

ბოლოს ამ ტიპის გადაცემა 2009 წელს გავიდა ტელეკომპანია რუსთავი 2–ის ეთერში. მსგავსი ფორმატის გადაცემა ყოველი წლის ბოლოს გადის ხოლმე რუსულ არხებზე რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი