შეიარაღებულმა დაჯგუფებამ მექსიკის ქალაქ ხუარესში რამდენიმე საათის წინ საფეხბურთო მატჩის დროს სტადიონზე ყველა მიმართულებით ცეცხლი გახსნა. დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის– 1 ფეხბურთელი და 6 გულშემატკივარი. დაიჭრა ათზე მეტი ადამიანი. დაჭრილებს შორის არის 12 წლის მოზარდი. ამის შესახებ CNN იტყობინება. ფეხბურთის მატჩი ადგილობრივ გუნდებს შორის იმართებოდა.
საფეხბურთო სტადიონი ხუარესში 4 თვის წინ გახსნეს. ხელისუფლების მიზანი იყო, რომ სპორტის ამ სახეობის პოპულარიზებით ქალაქში შეემცირებინა ნარკოდანაშაულისა და მკვლელობების მზარდი რაოდენობა. ამ დროისთვის მექსიკის პოლიცია დანაშაულის მოტივებზე ინფორმაციას არ ფლობს.
პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავეები საფეხბურთო სტადიონზე 3 ავტომობილით მივიდნენ და იარაღს უმისამართოდ, ყველა მიმართულებით ისროდნენ. ისინი დანაშაულის ადგილიდან მალევე მიიმალნენ.
მექსიკური მედიის ინფორმაციით, პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან 128 მასრა ამოიღო. მექსიკის ქალაქებს შორის ხუარესში ყველაზე მძიმე კრიმინოგენული სიტუაციაა. პოლიციის ოფიციალური ინფორმაციით, ამ ქალაქში 2010 წელს 3 100(სამი ათას ასი) ადამიანი მოკლეს.