ახალი ამბები

მაღაროში აფეთქებას საერთაშორისო კომისია გამოიძიებს

23 იანვარი, 2011 • • 1033
მაღაროში აფეთქებას საერთაშორისო კომისია გამოიძიებს

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება, ტყიბულში მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქებისას მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ ფაქტს საერთაშორისო კომისია გამოიძიებს. პრეზიდენტი ყველა იმ ჩინოვნიკის დასჯას მოითხოვს, რომელიც მინდელის სახელობის მაღაროში უსაფრთხოების ზომებზე არის პასუხისმგებელი.

“პირველი დასკვნა  გააკეთეს და, როგორც ყოველთვის, მოვისმინე, რომ ყველაფერი იმ მაღაროელის ბრალი იყო, რომელიც ბურღავდა და რომელიც დაიღუპა. გამახსენდა, რომ წინა აფეთქების შემთხვევაშიც ზუსტად ასეთივე დასკვნა გაკეთდა –  ყველაფერი მაღაროელებს დააბრალეს. მაშინ პროკურატურამ გამოიძია საქმე და იმ ინფორმაციით, რომელიც მე მაქვს, დასტურდება, რომ წინა აფეთქება, რომელსაც რამდენიმე მაღაროელი ემსხვერპლა, იყო არა მათი დაუდევრობის, არამედ მაღაროს ხელმძღვანელობის უშუალო დანაშაულებრივი ქმედების შედეგი. მაღაროს ხელმძღვანელობამ ვენტილაციის სისტემა გამორთო და საკუთარი თანამშრომლების სიცოცხლის ხარჯზე დაზოგა ფული. შემდეგ ზედამხედველობის სამსახურებმა, რომლებსაც ამაზე დასკვნის გაკეთება ევალებოდათ, დასკვნა „ხელი ხელს ბანს” პრინციპით დაწერეს, სწორედ ისე, როგორც მაღაროს ხელმძღვანელობასა და ამ ბიზნესის მფლობელებს უნოდათ”,-მიხეილ სააკაშვილის ციტატას პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ნანობს მაღაროში წინა  აფეთქების (27 აგვისტო) სისხლის სამართლის საქმე ლოგიკურ დასკვნამდე რომ არ მივიდა, რათა კონკრეტულ ადამიანებს ეგოთ პასუხი.

აგვისტოში მაღაროში მომხდარ აფეთქებას პრეზიდენტი ასე ეხმაურებოდა:
“მე დავავალებ მთავრობას, აქ მუდმივად იმუშაონ უსაფრთხოების ინსპექტორებმა, რომ მდგომარეობა მუდმივად გააკონტროლონ“.

დღეს პრეზიდენტი ამბობს, რომ აგვისტოს აფეთქებაში დამნაშავეებს სასამართლოს წინაშე რომ ეგოთ პასუხი, შესაძლოა ახალი აფეთქება არ მომხდარიყო.
სააკაშვილმა გადაწყვიტა, საქმის გამოძიება “სერიოზულ ხალხს” მიანდოს.
“ეს საქმე უნდა გამოვაძიებინოთ სერიოზულ ხალხს, მათ შორის, უცხოეთიდან მოწვეულ სპეციალისტებს,  ყველას მკაცრად მოვთხოვოთ პასუხი და დამნაშავეები დავსაჯოთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი