ახალი ამბები

საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა

23 იანვარი, 2011 • • 1062
საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა

ერევანში, პრეზიდენტის  სასახლეში, საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, შემდეგ კი დელეგაციები ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობით შეხვდნენ. მიხეილ სააკაშვილმა სომეხ კოლეგას მოლაპარაკების დაწყება და საზღვრების კიდევ უფრო გამჭირვალეობასა და ბიუროკრატიული ბარიერების გაუქმებაზე მუშაობა შესთავაზა,-წერს პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი.

„ამ ვიზიტის შემდეგ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, რომ ჩვენი საზღვრები გახსნილი იყოს. მანქანებმა ისე უნდა გაიარონ, რომ, პრაქტიკულად, გაჩერება არ მოუწიოთ, როგორც ეს შვეიცარიასა და საფრანგეთში ხდება. საზღვრები ისეთივე  გამჭვირვალე უნდა იყოს, როგორიც – ევროკავშირის ქვეყნებში. ხალხს არ უნდა აჩერებდნენ და  ბარიერები არ უნდა იყოს. საქართველოს მხრიდან საზღვრები შეიძლება 2 -3 წუთში გადაკვეთო, მაგარამ  ასევე უნდა იყოს თქვენი მხრიდანაც. საჭიროა ინფორმაციის გაცვლა და ერთიანი ბაზის შექმნა, რათა ეს პროცედურა ორმხრივად დაჩქარდეს. ჩვენ არ გვაქვს განსახილველი პრობლემური და რთული საკითხები და მხოლოდ სასიამოვნო თემებზე ვსაუბრობთ.  აუცილებელია, რომ გავაერთიანოთ ორი ქვეყნის ეკონომიკა და ძალა. ბიუროკრატია არ უნდა იყოს. ჩვენ ძალიან პატარა ქვეყნები ვართ, ამიტომ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული და ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

გამჭვირვალე საზღვრებთან ერთად, საუბრის მთავრი თემა ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავება და სომხეთში ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება იყო. ოფიციალურმა ერევანმა სურვილი გამოთქვა, რომ გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.  გარდა ამისა, საუბარი ახალ საინვესტიციო და ენერგეტიკულ პროექტებსაც შეეხო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი