ახალი ამბები

ივანიშვილი აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ სიების შედგენაში მონაწილეობას მიიღებს

30 დეკემბერი, 2015 • 1233
ივანიშვილი აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ სიების შედგენაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს ექსპრემიერმა და კოალიცია “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ტელეკომპანია GDS–ზე, 20 30–ის ეთერში განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სიების შედგენაში აქტიურად ჩაერევა.

“მივიღებ, რა თქმა უნდა, ყველაფერში მივიღებ მონაწილეობას და ძალიან აქტიურად ჩავერევი, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მთელი ჩემი რესურსით დავეხმარები საკუთარ გუნდს, რომ მან დაარწმუნოს საზოგადოება, რომ დღეს ისევ შეუცვლელია და ლიდერი უნდა იყოს, რამეთუ ის გზები, რაც გამოიკვეთა ჩვენი მოსვლის შემდგომ, ის ფასეულობები, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ, მას სჭირდება გაღრმავება და გამაგრება. აქედან გამომდინარე, მე ინტერესი მაქვს, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ჩემთან ერთად მაქსიმალურად მოვახერხოთ მობილიზება და მივიღოთ შესატყვისი გადაწყვეტილებები,”– განაცხადა ივანიშვილმა.

გარდა ამისა, ივანიშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი პარლამენტი უნდა “გადახალისდეს” იმ ადამიანებით, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან კანონების წარმოებაზე.

რაც შეეხება ჟურნალისტის შერკითხვას კოალიცია ქართული ოცნების ერთანობასთან დაკავშირებით, ივანიშვილი აცხადებს, რომ ის კოალიციის დაშლისათვის არგუმენტებს ვერ ხედავს.

“არ არის ამის აუცილებლობა არანაირი, მაგრამ თეორიულად ვთქვათ, ასეც რომ მოხდეს, ადრეც მითქვამს, არავითარი დრამატიზირება ამას არ სჭირდება. ყველა შემთხვევაში და ყველანაირად დღეს კოალიცია და კოალიციაში მონაწილე გუნდები არიან, ჩემი აზრით, ყველაზე პროგრესულები,”– აღნიშნა მან.

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ  კოალიცია დიდი ალბათობით შენარჩუნდება, თუმცა, დაშლის შემთხვევაშიც, მასში შემავალი სუბიექტები ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ:

“კოალიცა, ერთად თუ ცალ–ცალკე, ნებისმიერ შემთხვევაში განწირულია მოგებისთვის და ამ არჩევნებს დიდი ანგარიშითაც მოიგებს,” – განაცხადა ივანიშვილმა

მასალების გადაბეჭდვის წესი