ახალი ამბები

ივანიშვილი: გიორგი მარგველაშვილმა შეგვარცხვინა და თავი მოგვჭრა

30 დეკემბერი, 2015 • 2912
ივანიშვილი: გიორგი მარგველაშვილმა შეგვარცხვინა და თავი მოგვჭრა

“მარგველაშვილს გაეროში უნდა წასვლა. ეს მთავრობის გადასაწყვეტი იყო და არ გაუშვეს. პრეზიდენტი საოცრად ჯიუტობდა და ძალადობდა პირდაპირ. ამ წელს მაინც წავიდა და შეგვარცხვინა და თავი მოგვჭრა” -ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მისი შვილის საკუთრებაში არსებული ტელევიზიის გადაცემა   ”20 30”-ში განაცხადა.

”შევახსენებ საზოგადოებას, თუ რატომ და როგორ დაუპირისპირდა პრეზიდენტი პრემიერს. მას უნდოდა ყოფილიყო ლიდერი ამ გუნდის და კონსტიტუციით ამას არ იმსახურებდა. რა უფლებებიც აქვს, ის აქვს. აბა, შეგახსენებთ, ასოცირების ხელშეკრულება გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს, აჩუქა. ის გადასცა – ხელმოწერა როდესაც მოხდა, ის არ გაუშვა და მთავრობის პრეროგატივა იყო. გადასცა ის, რაც მას არ ეკუთვნოდა კონსტიტუციით. ამის შემდგომ ილტვოდა მუდამ, რომ გაეროში უნდა წასვლა. ეს მთავრობის გადასაწყვეტი იყო და არ გაუშვეს. პრეზიდენტი საოცრად ჯიუტობდა და ძალადობდა პირდაპირ. ამ წელს მაინც წავიდა და შეგვარცხვინა და თავი მოგვჭრა. პირველი პრეცედენტი იყო ეს მსოფლიო ისტორიაში, ორი უმაღლესი დელეგაცია რომ ჩადის ერთ ფორუმზე. აქაც აჩვენა მან, რა და როგორ უღირს,” – განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, პრეზიდენტის განცხადებები ადრეც და ახლაც იყო ძალიან არაკორექტული და ზედმეტად ცდილობდა სასამართლო თემებში ჩარევას:

”მისი გამონათქვამები არა მარტო მურუსიძესთან დაკავშირებით, ადრეც თუ ნახავთ, ძალიან არაკორექტულია და ზედმეტად ცდილობდა ჩარეულიყო სასამართლოს თემებში. მორალურად, რამდენად იმსახურებდა ის ამას… და რუსთავი 2 რომ უდგას ამას სათავეში და იყენებს ამ პროცესებს თავიდან ბოლომდე, ესეც კარგად იკვეთება პრეზიდენტის სხვა ხელწერაში. არ მოუხსნა გრიფით საიდუმლო სააკაშვილის გამოძიებაზე. პროკურატურას სამჯერ უთხრა უარი, სანამ არ გაუსაჯაროეს, როგორც გაუსაჯაროეს. იმ წუთში მიხვდა, რომ არასწორი იყო და საჯაროდვე მოხსნა. სასახლეში შევიდა, რომელზეც ოცნებობდა, რომ ცარიელი არ დარჩენილიყო. პარლამენტშიც შევიდა და ეს ოცნებაც აუსრულა სააკაშვილს. ახლა ეს კაცი გამოდის და იმ სისტემას, რომელმაც მოკლა გირგვლიანი, ვინც დასაჯა ქალბატონი ენუქიძე [ეს იყო სააკაშვილი და ის რეჟიმი], ამ რეჟიმთან დამოკიდებულებაში, ნახეთ, თვითონ პრეზიდენტის პოზიცია. ის გუნდიც, ვინც პრეზიდენტის პოზიციას მხარს უჭერს, დღეს ვერ მოვახერხებ ანალიზს, ნახეთ, როგორ ეთამაშებოდა ნაციონალებს და როგორ თამაშობს ახლა.”

ივანიშვილის თქმით, გიორგი მარგველაშვილისგან განსხვავებით, სასამართლოზე გავლენის მოპოვებას არ ცდილობს საქართველოს მთავრობა.

”რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ცდილობს სასამართლოზე გავლენის მოპოვებას და მთავრობის ნაწილი არანაირად არ იკვეთება. კიდევ გეუბნებით, ნახეთ, როგორი დაბნეულობაა მთავრობაში და ძირითად გუნდში. ურთიერთასპირისპირო განცხადებები კეთდება, დალაგებული არაა ეს თემა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეც ვუერთდები იმ ნაწილს, ვინც გამოთქვამს ასეთ რამეს – უკეთესი იყო, მასში მონაწილეობის მიმღები კაცი [მურუსიძე] არ ყოფილიყო და უფრო ბევრი რამ იქნებოდა უკეთესი. ამის სურვილი გაგვაჩნია ჩვენ და რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ხელისუფლების არც ერთ შტოს არ აქვს უფლება ჩაერიოს სასამართლოს უფლებებში. აი, ამას გამორჩეულად და გამოკვეთილად აკეთებს პრეზიდენტი,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა  GDS-ის გადაცემა ”20 30”-ში.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება პრეზიდენტის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილის ყოფნასთან დაკავშირებით გულდასმით წაიკითხა. ივანიშვილის განცხადებით, კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები ცდილობენ, რომ ამ ნაწილში მარგველაშვილი გაამართლონ, რათა პრეზიდენტის ინსტიტუტი არ დაკნინდეს და გარეთ ცუდი ხმები არ გავიდეს.

”მე შემიძლია ავხსნა და პარალელი გავავლო ”კავკასიურ ცარცის წრესთან”. არა მარტო გიორგი კვირიკაშვილი, მთელი მთავრობა და ღარიბაშვილის დროსაც ცდილობდნენ, რომ მას [მარგველაშვილს] სწორი გზა მოენახა და სწორად მოქცეულიყო. ამას ვერ ახერხებდნენ. სამართლებრივი გაგრძელება არ მოუძებნეს იმას, როდესაც მას ახალ რეზიდენციაში მიანიშნეს ღარიბაშვილის პრემიერობის დროს რამდენიმე თვის წინ, რომ იქ იყო მისი ოფისი და ეს არის მთავრობის გადასაწყვეტი. ეს მთავრობის პრეროგატივაა და არა პრეზიდენტის, რომ აირჩიოს და სადაც უნდა, იქ შევიდეს. სწორედ რომ მთავრობის პრეროგატივაა ეს და რომ ნახეს, რომ ეს არაფრად არ აგდებს მათ, ისევე როგორც ”კავკასიურ ცარცის წრეში”, რატომაც მომეწონა პარალელის გავლება კვირიკაშვილის ნათქვამთან. გენეტიკური დედა გახსოვთ იქ, ფინალში. ჩვენი გენიალური სპექტაკლია, რობიკოს დადგმული არის, როგორ არ იშურებს ბავშვს გასაგლეჯად,  ოღონდაც თავის სურვილები აისრულოს. აქ არის მარგველაშვილიც. აბსოლუტურად არ აინტერესებს ეს ინსტიტუტი. მისი დამცველები ახლაც გადმოვლენ ჩემზე, თუ როგორ ვაკნინებ და ვასუსტებ მე პრეზიდენტის ინსტიტუტს. სწორედ მას არაფრად არ მიაჩნია არაფრად, როგორც ”კავკასიურ ცარცრის წრეში” – გენეტიკურ დედას შვილი და თავისი სურვილების ასრულებისთვის შეუძლია გაგლიჯოს, აქ არის ეს კაციც. როდესაც ნახეს გუნდის წევრებმა სხვა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სახელმწიფო, ძვირფასია ჩვენი ერთობა, ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის ეს არ იქნება კარგი და იქნება დამაზიანებელი. ღარიბაშვილის გუნდმაც და კვირიკაშვილიც აგრძელებს ამ თემას, რომ მან ვერ შეძლო და მათთვის არის ეს ბავშვი, ჩვენი ქვეყანა. მათ არ უნდათ, რომ გაგლიჯონ, დაასუსტონ და დააკნინონ ეს ინსტიტუტი და იძულებულნი არიან, რომ მსგავსი განცხადებები გააკეთონ. მე მგონი, კვირიკაშვილმაც სწორედ ეს გააკეთა. კვირიკაშვილსაც შევახსენებ და გუნდის სხვა წევრებსაც, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს ძალიან ”გააპრავონ”, არ გამოუვათ პრინციპში. თუმცა მე მათი პოზიცია მესმის და პატივს ვცემ. ასევე, საზოგადოების დიდი ნაწილი, ალბათ, ამას ითვალისწინებს, მაგრამ მედალს აქვს მეორე მხარე. ის, რომ ათეულობით მილიონ დოლარს ფლანგავს და ხარჯავს ეს კაცი თავისი ხასიათის დაუოკებლობის გამო და 16 ათასი კვადრატული მეტრი, რომელიც მას არ სჭირდება და სასახლე, რომელიც მას ეკუთვნის, და იქ არ გადადის, ეს 10 მილიონს სცილდება, ამის გამო საზოგადოების დიდი ნაწილი და მათ შორის მეც მუდამ ვიქნებით ყურადღების ცენტრში და მუდამ გვექნება ეს საკრიტიკოდ და სათვალთვალოდ. არა მარტო პრეზიდენტის პოზიციისთვის, არამედ მათთვისაც, კვირიკაშვილისთვის და სხვებისთვისაც, ვინც ცდილობენ, რომ მხოლოდ ეს ნაწილი გაამაგრონ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ დაკნინდეს და გარეთ ცუდი ხმები არ გავიდეს. ამიტომ ცდილობენ ამის ხასიათს რამე დაუქვემდებარონ. ამას მეორე მხარეც ექნება და ამასაც გაუფრთხილდნენ, რომ ეს სახელმწიფოა და სახელმწიფოში ყველამ კეთილი ინებოს და კანონს და ნორმებს დაექვემდებარონ. პირველ რიგში, პრეზიდენტი, რომელიც გარანტად მოგვევლინა კონსტიტუციის. წაიკითხოს და რაც ეკუთვნის, ის მიიღოს. რისი უფლებებიც აქვს, ის განახორციელოს და ეს იქნებოდა ძალიან კარგი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი