ახალი ამბები

რამდენი დახარჯეს პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციებმა 2015 წელს

30 დეკემბერი, 2015 • 2245
რამდენი დახარჯეს პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციებმა 2015 წელს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების 2015 წლის იანვარ–აგვიტოს მონაცემებს.

გამოქვეყნებული მონაცმები ასახავს თანამდებობის პირებზე გაცემულ პრემიებსა და სახელფასო დანამატებს, სამივლინებო ხარჯებს, წარმომადგენლობით ხარჯებს, შესყიდულ ავტომობილებს და სხვა.

როგორც IDFI–ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, 2015 წლის აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს პარლამენტის სამივლინებო ხარჯები შეადგენს 843 387 ლარს, მთავრობის ადმინისტრაციის – 184 134 ლარს, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის – 104 252 ლარს.

mivlineba default

საქართველოს პარლამენტარებს შორის, IDFI–ის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში ყველაზე დიდი თანხა მივლინებებზე თედო ჯაფარიძემ დახარჯა  – 113059 ლარი, დავით უსუფაშვილის სამივლინებო ხარჯები კი ამავე პერიოდში 65 707 ლარს შეადგენს. მაღალი სამივლინებო ხარჯები აქვთ ასევე დავით ბაქრაძეს – 47 726 ლარი, გიორგი კანდელაკს – 40 085 ლარი, გიორგი წერეთელი – 39 031 ლარი.

parlamenti mivlineba

 

რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებს,  2015 წლის 17 აგვისტომდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაწეულია 184 134 ლარის ოდენობის სამივლინებო ხარჯი, საიდანაც 152 594 ლარი წარმოადგენს სასტუმროს მომსახურების ხარჯს, 22 474 ლარი -დღიურ ხარჯს, ხოლო 8 947 ლარი- მგზავრობის ხარჯს. ყველაზე დიდი თანხა –  111 629 ლარი ამ პერიოდში მთავრობის ადმინისტრაციის მიერ სამივლინებო ხარჯებზე გაწეულია 20-24 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 2015 წლის 17 აგვისტომდე მივლინებებზე გაწეულია 104 252 ლარის ხარჯი, საიდანაც,58 204 ლარი შეადგენს სასტუმროს მომსახურების ხარჯს, 29 384 ლარი- დღიურ ხარჯს, ხოლო 15 826 ლარი- მგზავრობის ხარჯს.

2015 წელს (იანვარი-აგვისტო) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ როუმინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები შეადგენს 21049.48 ლარს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ამავე პერიოდში როუმინგულ მომსახურებაზე გაწეულია 16720 ლარის ოდენობის ხარჯი, ხოლო პარლამენტმა როუმინგზე 6258.91 ლარი დახარჯა.roumingi

მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციების ხელმძღვანელების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 3 540 ლარს, ხოლო პარლამენტის აპარატის უფროსის- 2 220 ლარს. მათზე ყოველთვიურად გაიცემა სახელფასო დანამატი. კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის განსაზღვრულია ყოველთვიურად 4335 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის – 2710 ლარი, ხოლო პარლამენტის აპარატის უფროსისათვის – 2055 ლარი. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს 2015 წლის საწყისი 7 თვის განმავლობაში პრემია არ მიუღია, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელებზე კვარტალში ერთხელ გაცემულია თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემია.

premia-danamatiii

IDFI აქვე აღნიშნავს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსზე მაღალი ყოველთვიური სახელფასო დანამატებია განსაზღვრული მისი მოადგილისა და სხვადასხვა დეპარტამენტის უფროსისათვის. მაგალითად, მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მაია ბიგვავა ყოველთვიურად იღებს 4975 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატს, მაშინ, როდესაც ადმინისტრაციის უფროსის დანამატი შეადგენს 4335 ლარს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები და სხვა თანამდებობის პირებიც ყოველთვიურად იღებენ დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დანამატს. ამასთან, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებს სამი თვის განმავლობაში მიღებული აქვთ თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემია.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამდებობის პირებს, ყოველთვიურად განსაზღვრული სახელფასო დანამატების გარდა, მათზე კვარტალში ერთხელ გაიცემა დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემია.

IDFI–ის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ–აგვისტოში მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები შეადგენს 822 771 ლარს, რომელიც 62 მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტებისას შეხვედრებისა და ღონისძიებების ფარგლებშია გახარჯული.

ამავე პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები შეადგენს 75 881 ლარს, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა დახარჯულია უალკოჰოლო და ცივი სასმელების და ერთჯერადი ჭიქების შესაძენად – 29 587,35 ლარი; სარესტორნო მომსახურების ხარჯი აღნიშნულ პერიოდში შეადგენს 5 075 ლარს.

IDFI აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეული წარმომადგენლობით ხარჯების შესახებ ინფორმაცია მათთვის უცნობია.

ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში საუბარია ავტომობილებზეც. კერძოდ, აღნიშნულია, რომ 2015 წელს (იანვარი-აგვისტო) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და პარლამენტის აპარატის მიერ ახალი ავტომობილების შეძენას ან ძველის ახლით ჩანაცვლებას ადგილი არ ჰქონია.  რაც შეეხება, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 2015 წელს ძველი 7 ავტომობილი ჩანაცვლდა 5 ახალი ავტომობილით . შესყიდვების ღირებულების ფასთა შორის სხვაობამ, ჯამში, 108 000 ლარი შეადგინა.

 

IDFI  ასევე წერს ლობისტური მომსახურების ხარჯებზე.  კერძოდ, მათი ცნობით, 2015 წლის 23 აპრილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გააფორმა ხელშეკრულება ლობისტურ მომსახურებაზე კომპანია PillsburyWinthropShawPittman LLP–თან, რისთვისაც 649 000 აშშ დოლარი გამოიყო. ამ კომპანიამ მთავრობის ადმინისტრაციას უნდა გაუწიოს დახმარება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში, მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსკენ, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და კონგრესთან ურთიერთობაში, ხელი შეუწყოს შესაბამისი ღონისძიებების და შეხვედრების დაგეგმვას და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი