ახალი ამბები

ყოფილი სააღსრულებო ბიუროს შენობიდან 22 დევნილ ოჯახს ასახლებენ

21 იანვარი, 2011 • 1000
ყოფილი სააღსრულებო ბიუროს შენობიდან 22 დევნილ ოჯახს ასახლებენ

დევნილების გამოსახლების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ვაჟა ფშაველას მესამე კვარტლის #8ა–ში მდებარე ყოფილი სააღსრულებო ბიუროს შენობიდან.

დევნილები ამბობენ, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს და ამიტომ ისინი პროტესტს დღეს პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე გამოხატავენ.

ყოფილი სააღსრულებო ბიუროს შენობაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 22 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აქედან 17 ოჯახი კოდორის ხეობიდანაა, 5 კი – აფხაზეთიდან.

ერთ–ერთი დევნილის ნინო გურჩიანის თქმით, ალტერნატიული ფართების შესახებ სამინისტროსგან შეთავაზება მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა მიიღო.

„კოდორის ხეობიდან დევნილებს გვეუბნებიან, რომ რახან თბილისთან გვაქვს მიწერა, ძველ დევნილებად ითვლებითო და თქვენი განსახლება 2011 წლის გაზაფხულიდან დაიწყებაო და ამის შემდეგ შემოგვთავაზებენ, ალბათ, ალტერნატიულ ფართებს“ – ამბობს ნინო გურჩიანი.

დევნილებს, რომლებმაც ალტერნატიული ფართების შესახებ სამინისტროს შეთავაზება მიიღეს, ახალი საცხოვრებელი ბინები წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო ეწერში, მარტვილის რაიონში და გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ელოდებათ. თუმცა დევნილების უმრავლესობა რეგიონებში გადასვლას არ აპირებს. ისინი აცხადებენ, რომ ისევ თბილისში დარჩებიან და დროებით ნათესავებთან შეაფარებენ თავს.  

დევნილების გამოსახლება ყოფილი სააღსრულებო ბიუროს შენობიდან დღეს დილის 6 საათზე დაიწო.

ტერიტორიაზე სამართალდამცავები არავის უშვებენ, მათ შორის, არც ევროკაშვირის მონიტორებს, რომლებიც პროცესს გარედან აკვირდებიან.

მოსალოდნელი იძულებითი გამოსახლების შესახებ ყოფილი სააღსრულებო ბიუროს შენობაში მცხოვრები დევნილები სამართალდამცავებმა გუშინ საღამოს გააფრთხილეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი