ახალი ამბები

წულუკიანი: სასამართლო ყველაფერს აკეთებს, რომ IT თვალსაზრისით სისტემა რეფორმას მზად არ დახვდეს

30 დეკემბერი, 2015 • 1364
წულუკიანი: სასამართლო ყველაფერს აკეთებს, რომ IT თვალსაზრისით სისტემა რეფორმას მზად არ დახვდეს

სასამართლო სისტემა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ელექტრონული თვალსაზრისით სისტემა რეფორმას მზად არ დახვდეს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა ელექტრონული კუთხითაც ეს სისტემა დაინერგოს და გაიმართოს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რეფორმების მესამე ტალღის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც წულუკიანი აცხადებს, საკანონმდებლო რეფორმების ნაწილი ჯერ კიდევ კუბლაშვილის დროს გატარდა. მინისტრის თქმით, მთავრობა რეფორმების მესამე ტალღას ბოლომდე მიყვება:

”რაც ჩვენ ბოლო დღეებში ვიხილეთ სასამართლოში, მოწმობს კიდევ ერთხელ იმას, რომ იქ არსებობს გარკვეული დაჯგუფებები, რომ ეს მთლიანობაში არის სისტემა, რომელიც − როგორც ამას 3 წელია ვამბობ − რეფორმებისადმი რეზისტენტულია. ამის მიუხედავად, საკანონმდებლო რეფორმების ნაწილი მაინც გავატარეთ ჯერ კიდევ კუბლაშვილის დროიდან და ჩვენ არ გავჩერდებით. მესამე ტალღა რეფორმის, რომელიც ფუძემდებლურ პრინციპს, საქმეთა ავტომატური განაწილების წესს − იუსტიციის სამინისტროს და მინისტრის ინიციატივით − ითვალისწინებს, უკვე დევს პარლამენტში. თებერვალში მას ბოლომდე მივყვებით და მივიღებთ.”

მისი თქმით, სასამართლო სისტემა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ელექტრონული თვალსაზრისით სისტემა ამ რეფორმას მზად არ დახვდეს.

”დასანანია, რომ თვითონ სასამართლო სისტემა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ელექტრონული თვალსაზრისით სისტემა ამ რეფორმას მზად არ დახვდეს, მაგრამ ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს ვიღონებთ, რათა ელექტრონული კუთხითაც ეს სისტემა დაინერგოს და გაიმართოს. მე, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, რომ ქალბატონი ნინო უფრო მეტად გაძლიერდეს, უფრო მეტად ძლიერი ხელით მართოს ეს სისტემა, რომ ჩვენ არ ვიხილოთ ხოლმე ისეთი მოვლენები, რაც ვიხილეთ ჯერ იუსტიციის საბჭოში და შემდეგ საქალაქო სასამართლოში. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს მისი კუთვნილი ადგილი სისტემაში და ეს უნდა უზრუნველყოს ხელმძღვანელმა, რომელსაც მე დიდ წარმატებას ვუსურვებ,” − განაცხადა თეა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი