ახალი ამბები

გამოსახლებული დევნილების ნაწილი რეგიონებში წასვლას არ აპირებს

21 იანვარი, 2011 • 1150
გამოსახლებული დევნილების ნაწილი რეგიონებში წასვლას არ აპირებს

ყაზბეგის ქ. #25ა–ში მდებარე სამედიცინო ინსტიტუტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობიდან დევნილების გამოსახლება ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ამ წუთებში სატვირთო ავტომანქანებით შენობიდან დევნილთა ნივთები გამოაქვთ. გამოსახლების პროცესი შეხლა–შემოხლის გარეშე მიმდინარეობს.

ყაზბეგის ქუჩიდან გამოსახლებულ დევნილებს საცხოვრებელ ფართებს სამეგრელოს რეგიონში, წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო ეწერში, სთავაზობენ. დევნილების ნაწილი ფოცხო ეწერში წასვლას არ აპირებს – ისინი ამბობენ, რომ ისევ თბილისში დარჩებიან, სადაც უკვე ადაპტირებულები არიან გარემოსთან და დროებით ნათესავებთან იცხოვრებენ.

სამედიცინო ინსტიტუტის ყოფილ საერთო საცხოვრებელში 72 დევნილი ოჯახი ცხოვრობდა, აქედან 18 – აღნიშნულ შენობაში 1993 წლის შემდეგ იმყოფება. დღევანდელი გამოსახლების პროცესი ამ 18 ოჯახს არ შეეხება, ამის თაობაზე მათ გუშინ საღამოს, 8 საათზე, სამართალდამცავებმა აცნობეს, რომლებმაც დანარჩენი ოჯახები მოსალოდნელი იძულებითი გამოსახლების თაობაზე გააფრთხილეს.

დევნილები ამბობენ, რომ სამედიცინო ინსტიტუტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და, შესაბამისად, 18 ოჯახი შენობაში მანამდე დარჩება, სანამ სამინისტრო ამ შენობას გაასხვისებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი