“დღეიდან სამინისტრომ დაიწყო დევნილების იმ შენობებიდან გამოსახლება, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული, როგორც კომპაქტური ჩასახლების ადგილები”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი იულია ხარაშვილი.
მისივე თქმით, დევნილების გამოსახლების პროცესი გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან იყო შეთანხმებული. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი საქართველოში ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ამ დროისთვის მათი წარმომადგენლები დევნილთა გამოსახლების პროცესს აკვირდებიან, განცხადებას კი დღის ბოლომდე გაავრცელებენ ორგანიზაციის სახელით.
დევნილების გამოსახლება, ხარაშვილის თქმით, ოცი ობიექტიდან იგეგმება. თუმცა ჩვენთან საუბრისას ობიექტების ჩამოთვლისგან თავი შეიაკავა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს შენობასთან ხუთი კარავია გაშლილი, სადაც რამდენიმე დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
ისინი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობენ, რომ დღეს უკვე 102–ე დღეა, რაც კარვებში ცხოვრობენ, რადგან საცხოვრებელი სახლი არ აქვთ.