ახალი ამბებისაზოგადოება

მალვინა მამაცაშვილი: ღამეები ვფიქრობ, სად წავიდე – მინდა კუთხე, რომ არავინ გამაგდოს

31 დეკემბერი, 2015 • 5001
მალვინა მამაცაშვილი: ღამეები ვფიქრობ, სად წავიდე – მინდა კუთხე, რომ არავინ გამაგდოს

31 დეკემბერს მალვინა მამაცაშვილი ახალი წელის დადგომასთან ერთად შვილის დაბადების დღეს ზეიმობს. ნაქირავები ოთახი სახალისო განწყობის შესაქმნელად როგორც შეეძლო, მორთო, თუმცა არ იცის, ორმაგი დღესასწაულის საზეიმო სუფრას რომელი კერძებით გაშლის.

“ჩემი დაქალი უნდა მოვიდეს. მისმა დედამ რაღაც საჭმელები უნდა გამომიტანოს, მისი შვილი მარიაზე უფროსია და ის რაღაც ტანსაცმელს მაძლევს, სათამოს”, -ამბობს მალვინა.

მალვინა მამაცაშვილი გვიყვება, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს და თვეში 108 ლარს იღებს. ამას ემატება კომუნალური გადასახადებისათვის განკუთვნილი 84 ლარი მერიის დახმარების სახით.

15 კვადრატული მეტრი ფართის მქონე ნაქირავებ ოთახში სამზარეულო, საძინებელი და სასტუმრო სივრცე ერთად აქვს გამოყოფილი, ხოლო “დასაბანი დღეები” როდესაც დადგება, მეგობართან ვარკეთილში მიდის. ოთახი ნესტიანია. ავეჯი კი, მალვინას თქმით, ოთახის პატრონისაა.

მალვინა მამაცაშვილი პროფესიით მედდაა. დამატებითი შემოსავალი სახლის დალაგებით აქვს.

ბინაში 150 ლარს იხდის. ამას ემატება გაზისა და დენის ფული. ზამთარში ძირითადად გაზქურისგან თბება, თუმცა ნისიად ნაყიდი შეშის ღუმელისთვის მახლობლად მიმდინარე მშენებელობებიდან წამოღებული შეშა აქვს მომარაგებული უფრო ცივი დღეებისთვის.

მალვინა ამბობს, რომ მის შვილს, 3 წლის მარიას, კარიესული კბილები აქვს და კალციუმი ესაჭროება, ფოლიუმის მჟავა დაბალი ჰემოგლობინისთვის და კომპლექსური ვიტამინები.

“როცა ავიღებ ფულს, პირველი, რასაც ვაკეთებ, ერთი ბარკალი უნდა ვუყიდო. ხორციანი ან პატარა ნაჭერი თევზი, რომ ბავშვს ცოტა-ცოტა… სულ მაკარონი-ჰერკულესი, მაკარონი-ჰერკულესი. იქ, ბანანი უნდა ბავშვს”, – ამბობს მალვინა.

მალვინა გვიამბობს, რომ უფასო სასადილოში მისი რიგი მოვიდა, მაგრამ კრწანისის რაიონს მიაკუთვნეს, სადაც დაიბადა  და ცხოვრობდა, მაგრამ სიშორის გამო ვერ დადის.

მალვინა თავშესაფრის გარეშე 2011 წელს დარჩა. მისმა დამ სახლი გაყიდა და წილის გარეშე დატოვა, რადგან მამის გარდაცვალების შემდეგ დის სახელზე იყო გაფორმებული.

მალვინა გვიყვება, რომ სახლის დაკარგვის შემდეგ, თბილისის არაერთ უბანში უცხოვრია, ეძებდა ყველაზე იაფ ბინებს, სადაც ზოგჯერ მხოლოდ ერთი ლოგინი ეტეოდა და გვერდის მოსაბრუნებელი ადგილი არ იყო. ბინების დატოვება ხშირად უხდებოდა, რადგან ქირის ფულიც არ გააჩნდა ხოლმე.

მალვინამ მარიას მამა საერთო საცხოვრებელში ცხოვრების დროს გაიცნო. ამბობს, რომ დაღლილი იყო მარტო ცხოვრებით, თუმცა მანაც მიატოვა, უკრაინაში წავიდა და მასთან ურთიერთობა არ აქვს.

“ბოლო ორი წელია, რომ დავრჩი მარტო. ფსიქოლოგიურად დავიღალე. ვიფიქრე -ოჯახი, რაღაცა-რაღაცა. წავიდა უკრაინაში და არც ვიცი ცოცხალია, არაა ცოცხალი. კონტაქტი არ მაქვს”, – ამბობს მალვინა.  

მშობიარობის შემდეგ მალვინა 10 დღე სამშობიაროში დარჩა, რადგან წასასვლელი არ ჰქონდა. ჩვენთან საუბრისას ხუმრობით გაიხსენა, რომ ექიმები ეუბნებოდნენ, “ეს საავადმყოფოა და არა სასტუმრო, უნდა წახვიდეო”.

ამის შემდეგ მცირე ხანი იცხოვრა სარდაფში, რის შემდეგაც შეძლო, რომ თავშესაფარში დაბინავებულიყო. იქ ყოფნით მალვინა კმაყოფილია. იხსენებს, რომ დღეში სამჯერადი კვება ჰქონდა, მის შვილს მასაჟებსა და აცრებს უკეთებდნენ. 1 წლისა და 2 თვის შემდეგ თავშესაფარში ცხოვრების ვადა გავიდა და იძულებული გახდა წასულიყო.

თავშესაფრის დატოვების შემდეგ მალვინამ მალვინამ ისევ ბინი იქირავა, სოციალურად დაუცველის სტატუსი და 39 ათასი ქულა მიიღო. 

მთავარი პრობლემა, ამბობს მალვინა, თბილისში რეგისტრაციისა და საცხოვრებლის არქონაა, რათა მომავლის მიმართ სტაბილური გეგმები ჰქონდეს. 
“რომელ ბაღში უნდა მივიყვანო მარია? არ ვარ ერთ ადგილას დამაგრებული. ღამეები ვფირობ, რა შემიძლია, სად წავიდე, რა ორგანიზაციას მივმართო. ისე მეშინია, რომ სადაც შევალ, გამადებენ. მინდა კუთხე, რომ არავინ არ გამაგდოს. სადაც ვიქნები, იქ რეგისტრაცია გავაკეთო. რა კანონია, ხომ არის ყველა საბუთი, რომ მე ვარ უსახლკარო?”, – ამბობს მალვინა.

მალვინა მამაცაშვილიმა სახლი საახალწლოდ მორთო

მალვინა მამაცაშვილიმა სახლი საახალწლოდ მორთო

მალვინა მამაცაშვილს ნაქირავებ ოთახში სამზარეულო ,საძინებელი და სასტუმრო სივრცე ერთ ოთახში აქვს განთავსებული.

მალვინა მამაცაშვილს ნაქირავებ ოთახში სამზარეულო ,საძინებელი და სასტუმრო სივრცე ერთ ოთახში აქვს განთავსებული.

მალვინა მამაცაშვილი

მალვინა მამაცაშვილის სახლის ნესტიან კედლებს საახალწლო მოსართავები ვერ ფარავს

მალვინა მამაცაშვილის სახლის ნესტიან კედლებს საახალწლო მოსართავები ვერ ფარავს

IMG_0670

მასალების გადაბეჭდვის წესი