ახალი ამბები

ავღანეთში საქართველოს მისიის ახალი ხელმძღვანელი

20 იანვარი, 2011 •
ავღანეთში საქართველოს მისიის ახალი ხელმძღვანელი

ავღანეთში საქართველოს მისიას სათავეში ჩაუდგა პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, რომელსაც სამხედრო ექსპერტთა ნაწილის თქმით, აგვისტოს ომის დროს ქართველი რეზერვისტების ფიასკოში მიუძღვის ბრალი.

თვადაცვის სამინისტრომ ნეტგაზეთს დაუდასტურა ინფორმაცია ჯანჯღავას მისიის ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ, თუმცა სამინისტროს ოფიციალურ  ვებ გვერდზე გამოქვეყნებული  ინფორმაციით, ჯანჯღავა ჯერ კიდევ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალია.

ნეტგაზეთის ინფორმაციით ჯანჯღავა მისიას სათავეში დაახლოებით ერთი თვეა ჩაუდგა, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნეტგაზეთს არ მიაწოდა ინფორმაცია ზუსტი თარიღის შესახებ, თუ როდის დაინიშნა ჯანჯღავა ავღანეთში ქართული მისიის ხელმძღაველად.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიკა ჯანჯღავამ როტაციის წესით ჩაანაცვლა ამ თანამდებობაზე პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.

ნიკოლოზ ჯანჯღავას ეროვნულ გვარდიის ხელმძღვანელობის პერიოდში მის მიმართ კრიტიკული მოსაზრებების მიიუხედავად, ექსპერტებს მაინც მიაჩნიათ, რომ ნიკოლოზ ჯანჯღავა ახალ თანამდებობაზე შესაფერისი კანდოდატია. მიზეზი კი მისი ამერიკული განათლება და დიდი გამოცდილებაა.

,,ნიკა ძალიან კარგი ოფიცერია, მე როგორც ვიცი, ის დავით თევზაძის გაზრდილია, მართალია, მას რამდენიმე შემთხვევაში ჰქონდა გარკვეული გადაცდომები, მაგრამ საერთო ჯამში, ვთვლი, რომ ის არის ერთ-ერთი პერსპექტიული ოფიცერი’’, – ამბობს უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი, ასოციაციის ”სამართალი და თავისუფლება” ხელძღვანელი ირაკლი სესიაშვილი.

სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური ფიქრობს, რომ ჯანჯღავასთვის ეს თანამდებობა კარიერული ზრდის თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი, თუმცა მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში, მისი თქმით, ავღანეთის მისიისთვის კომპეტენტური ხელმძღვანელობის ყოლაა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მისია ავღანეთში, რა თქმა უნდა, მას კომპეტენტური ხელმძღვანელობა სჭირდება. ჯანჯღავას გააჩნია ძალიან დიდი გამოცდილება, მე არ მგონია, რომ მისთვის პროლემა იყოს მისიის ხელმძღვანელობა“ – ამბობს გიორგი მელითაური.

ნიკოლოზ ჯანჯღავას რამდენიმე ხმაურიანი შემთხვევა უკავშირდება ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში: 1997 წელს, მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ვარდიკო ნადიბაიძემ ნიკოლოზ ჯანჯღავა ოფიცრის ღირსების შეურაცხმყოფელი საქციელის გამო ჯარიდან დაითხოვა.

,,ოფიცრის ღირსების შეურაცხმყოფელი საქციელად’’ ჯანჯღავას საგაზეთო ინტერვიუ ჩაეთვალა: რადიოთავისუფლების  ცნობით, ამერიკის ერთ-ერთი პრესტიჟული სამხედრო სასწავლებლის, “ფორტ ბენინგის” კურსდამთავრებული ახალგაზრდა ოფიცერი სტატიაში თავის მოსაზრებებს გამოთქვამს და არმიის საბჭოური მოდელის უპერსპექტივობაზე, გენერალთა კორუმპირებულობასა და მანკიერ საკადრო პოლიტიკაზე საუბრობს.

მოგვიანებით ჯანღავას უთანხმოება შევარდნაძის პერიოდის კიდევ ერთ თავდაცვის მინისტრთან – დავით თევზაძესთან მოუვიდა: 2002 წლის 19 ივლისს სახმელეთო ჯარების სარდალი ნიკოლოზ ჯანჯღავა ინტრიგნობაში, ოფიცრების წაქეზებასა და არაადეკვატურ საქციელში სწორედ თევზაძემ დაადანაშაულა.

ჯანჯღავას ,,არაადეკვატურ საქციელში’’ ისევ თავისი აზრების ხმამაღლა გამოთქმა ჩაეთვალა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, “ოფიცერმა ჯანჯღავამ არმიის მშენებლობაში ფეხმოკიდებულ მანკიერ მომენტებზე, კლანურ აზროვნებაზე, კორუფციის ფაქტებსა და ჯარისკაცის ყიდვა-გაყიდვაზე გულწრფელად გაუზიარა თავისი მოსაზრება ჯერ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ხოლო შემდეგ, როცა მისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს”. 

იმავე წლის 24 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამანდატო კომისიამ ოფიცრის ღირსების შემლახავი საქციელის გამო ნიკოლოზ ჯანჯღავას ოფიცრის წოდება ჩამოართვა. თავათ ჯანჯღავამ კი მანამდე თანამდებობის დატოვების შესახებ პატაკი დაწერა.

უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი, ასოციაციის ”სამართალი და თავისუფლება” ხელძღვანელი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ამ პერიოდში მისი ორგანიზაცია ჯანჯღავას ინტერესებს იცავდა, რადგან ფიქრობდა, რომ საჭირო იყო ხელისუფლებიდან ჯარისადმი მეტი ყურადღება. სესიაშვილი ამბობს, რომ ჯანჯღავას პროტესტის პათოსს იზიარებდა და პრობლემად სახელმწიფო სისტემურ პოლიტიკას მიიჩნევდა, სადაც, მისი თქმით, პრობლემების ადეკვატური მოგვარება ვერ ხერხდებოდა.

“პროტესტი, მე ვფიქრობ, რომ იყო სამართლიანი, მაგრამ რადგან ის იყო ოფიცერი და მას არ ჰქონდა ასეთი პროტესტის გამოთქმის საშუალება, ამიტომ ვფიქრობ, რომ დავით თევზაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ისევე როგორც ნიკა ჯანჯღავამ, იგი ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმა, რადგან მასაც კარგად ესმოდა, მას შემდეგ რაც ოფიცერი ღიად გამოხატავს პროტესტს, ის ტოვებს სამსახურს’’, – აცხადებს სესიაშვილი.

2007 წელს, მთელი წლის განმავლობაში ნიკოლოზ ჯანჯღავა ეროვნულ გვარდიას ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომის დროს ჯანჯღავა ამ თანამდებობას უკვე აღარ იკავებდა, სამხედრო ექსპერტთა ნაწილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რეზერვისტთა წარუმატებლობას ნაწილობრივ სწორედ მას მიაწერს.

,,როდესაც დაიწყო სარეზერვო სისტემის შექმნა, ჯანჯღავა იდგა ამ პროცესის სათავეში და რა თქმა უნდა, ეს იყო ფიასკო. ჯანჯღავას, როგორც სარდალს, ამ ფიასკოში გარკვეულწილად ბრალი მიუძღვის’’, – ამბობს სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური.

სესიაშვილი ამბობს, რომ თავად ჯანჯღავა ეთანხმებოდა აზრს, რომ 18 დღიანი მომზადება არ არის საკმარისი რეზერვისტებისთვის. ,,მაგრამ ამბობდა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და ეს უნდა შესრულებულიყო’’.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ჯანჯღავას მოღვაწეობას გვარდიაში უპასუხისმგებლობას უწოდებს. თავდგირიძე განმარტავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მას აიძულებდნენ გვარდიის ასეთ სისტემაზე მუშაობას თუ ხელს უშლიდნენ უკეთესი სისტემის აწყობაში,  მას არ ეყო ოფიცრის ღირსება ამაზე უარი ეთქვა და გადამდგარიყო თანამდებობიდან.

,,ფაქტობრივად, ის რომ რეზერვისტები აღმოჩდნენ რისკის ქვეშ, მისი პირდაპირი ბრალეულობაა’’, – ამბობს თავდგირიძე.

მიუხედავას იმისა, რომ ჯანჯღავა ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს 2008 წლის აგვისტოს ომამდე ჩამოშორდა, ექსპერტები მაინც ვარაუდობენ, რომ მისი გაგზავნა ამ პერიოდში საბერძნეთში სამხედრო ატაშედ, სწორედ ომის შედეგებმა და რეზერვის სამსახურის კრახმა გამოიწვია.

,,2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა ჯანჯღავა, რომელსაც პასუხი უნდა ეგო, საზოგადოებისთვის უნდა განემარტა რა მოხდა. ძალიან სკანდალური იყო ის რაც რეზერვს დაემართა, აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ის მოარიდეს საქართველოს’’, – ამბობს თავდგირიძე.

2009 წლის აგვისტოში სამშობლოში  დაბრუნებული ჯანჯღავა ჯერ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო, შემდეგ კი  საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი.

მის დაბრუნებას საქართველოში ექსპერტები იმ აგრესიის შენელებას უკავშირებენ, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ გაჩნდა ჯანჯღავას მიმართ.

ჯანჯღავას კარიერულ წარმატებას ექსპერტები მის დასავლურ გადათლებას უკავშირებენ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთვრების შემდეგ ნიკოლოზ ჯანჯღავამ განათლება ამერიკის შეერთებული შტატების პრესტიჟულ სასწავლებელში ,,ფორტ ბენინგში’’ მიიღო. 1995-2002 წლებში ის სხვადასხვა მოსამზადებელ კურსებს გადიოდა ამერიკის სხვადასხვა შტატში. ამიტომ მან საქართველოში დაბრუნებისთანავე პროამერიკულად მოაზროვნე სამხედრო პირის სტატუსი მიიღო.

ავღანეთში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ISAF (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) საქართველომ პირველად 2004 წელს 50 სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა. მათი ამოცანა ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო.

2009 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ასეული (172 სამხედრო მოსამსახურე) გაემგზავრა ავღანეთში.

2010 წლის აპირილიდან კი, ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის 750 სამხედრო პირი გაიგზავნა, რომელიც აშშ-ის სახმედრო ძალების მხარდაჭერით სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს.

 

ნიკოლოზ ჯანჯღავა
ნიკოლოზ ჯანჯღავა
 

მასალების გადაბეჭდვის წესი