ახალი ამბები

პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის ნდობის საკითხს განიხილავს

29 დეკემბერი, 2015 •
პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის ნდობის საკითხს განიხილავს

პარლამენტი დღეს ახალი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებასა და სამთავრობო პროგრამაზე იმსჯელებს.

პლენარული სხდომა 12.00 საათზე უნდა დაიწყოს.

მთავრობისთვის ხელახლა  ნდობის გამოცხადება  მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.  პრეზიდენტმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასამტკიცებლად ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. პრემიერ-მინისტრის გარდა მთავრობა  მხოლოდ ერთი მინისტრით განახლდება – საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფილი მოადგილის, მიხეილ ჯანელიძის კანდიდატურაა წარდგენილი.

28 დეკემბერს პარლამენტის კომიტეტებში პრემიერ-მინისტრობის და მინისტრების კანდიდატებს მოუსმინეს.  კვირიკაშვილი და მის მიერ წარდგენილი მთავრობის წევრები, რომლებიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ასევე შეხვდნენ საპარლამენტო ოპოზიციის და უმრავლესობის ფრაქციებს.

საპარლამენტო ოპოზიცია არ აპირებს ნდობა გამოუცხადოს მთავრობის წევრების წარდგენილ კანდიდატებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი