
„რუსულმა მეკობრულმა პარტიამ“ 2011 წლის 14 იანვარს სპეციალური განცხადება გაავრცელა. მათ ხალხს მოუწოდეს, RuLeaks.net-ისთვის მიეწოდებინათ ნებისმიერი დოკუმენტი, ფოტო, ვიდეო და აუდიომასალა, რაც ხელისუფლების უკანონო და კორუფციულ საქმეებთან იქნებოდა დაკავშირებული.
საიტის დამფუძნებლების თქმით, მათ სპეციალური უსაფრთხოების ზომები ჯერ კიდევ ვებგვერდის ამუშავებმადე მიიღეს. RuLeaks.net-ის ჰოსტინგი განთავსებულია რუსეთის ფარგლებს გარეთ, დომენიც უცხოური კომპანიისგან შეიძინეს. გარდა ამისა, ნებისმიერი ახლადატვირთული ინფორმაცია პარალელურად იტვირთება სოციალური ქსელების სპეციალურ გვერდებზე.
ამერიკულმა გამოცემამ ვაშინგტონ პოსტმა გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა ვინმე სერგეი კოლესნიკოვის ინტერვიუ. მაშინ კოლესნიკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი შავი ზღვის სანაპიროზე ფეშენებელურ აგარაკს ფლობდა, რომელიც რუსი ბიზნესმენების მიერ შექმნილი ფონდიდან მოძიებული თანხით შენდებოდა. მისივე თქმით, რუსმა ბიზნესმენებმა პუტინის სასახლის მშენებლობა იმ მოტივით დააფინანსეს, რომ სამომავლოდ მათი ბიზნესი ხელშეუხებელი იქნებოდა.
პუტინის პრესსპიკერმა ვაშინგტონ პოსტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.