ახალი ამბები

მიწისძვრის შედეგები

19 იანვარი, 2011 • • 1889
მიწისძვრის შედეგები

 

მიწისძვრის შედეგად დღეს ვანის მუნიციპალიტეტში 8 საცხოვრებელი სახლი დაინგრა, მცირედ დაზიანებული სახლების რაოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის.

 

5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს საქართველოში 13:17 წუთზე დაფიქსირდა, მოგვიანებით კი ბიძგები კიდევ ოთხჯერ განმეორდა.

მიწისძვრის ეპიცენტრად ილიას უნივერსიტეტის სეისმურ სამსახურს ბაღდათის მუნიციპალიტეტი აქვს დასახელებული. უფრო ზუსტად კი, კურორტ საირმესთან, 4კმ–ში.

მიწისძვრამ მცირე პანიკა გამოიწვია დასავლეთ საქართველოს ქალაქებში. ქუთაისიდან, ოზურგეთიდან, ვანიდან, ბაღდათიდან ადამიანები ტოვებდნენ სახლებს და ქუჩაში გამორბოდნენ.

„ჩემ მეზობლად, ავტოქარხნის დასახლებში, მეზობლის ბინაში მაგიდიდან ტელევიზორი გადმოვარდა, შეზანზარდა ყველაფერი. მეზობლებს ჭურჭელი გადმოუცვივდათ, ერთს მაცივარი წაექცა“,–ამბობს თამუნა კუპრეიშვილი, ქუთაისის მაცხოვრებელი.

ბაღდათში ერთმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო, რადგან მეორე სართულიდან გადმოხტა.

ვანში 8 სახლი დაინგრა.

„რვა სახლი ისეა დაზიანებული, რომ არ იცხოვრება, მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი“,–ამბობს მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ გეგიძე.

მისი თქმით, რამდენიმე საათია სპეციალური ჯგუფი მუშაობს, ყველა შესაძლო დაზიანების შესახებ სრული ინფორმაცია  რომ მიიღონ.

სოფელ შუაგორას მკვიდრის, გელა ჩუბინიძის სახლის ორი კედელი მიწისძვრიდან რამდენიმე წამში ჩამოიშალა, თუმცა არავინ დაშავებულა. სახლი ამჟამად საცხოვრებლად გამოუსადეგარია. შუაგორაში კიდევ რამდენიმე სახლის კედელი და ბუხარი ჩამოიშალა. სახლში მყოფებმა გარეთ გამოსვლა ამ შემთხვევაშიც მოასწრეს. რამდენიმე სახლი დაიბზარა ვანის რაიონის სოფელ სალომინაოშიც.

5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რამდენჯერმე განმეორდა. დღის მანძილზე 3,3 – 4,3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა.

სეისმურ ცენტრში აცხადებენ, რომ მიწისძვრის შემდეგ განმეორებები არ არის უჩვეულო. ცენტრის ვარაუდით, არ არის გამორიცხული, ბიძგები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.

მიწისძვრის შედეგად დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქში კავშირგაბმულობის ქსელები დროებით გათიშული იყო.

ქალაქ ქუთაისში, ვანსა და ბაღდათში როგორც საქალაქო, ასევე, მობილური ტელეფონებით კავშირი ვერ ხერხდებოდა. ტელეფონები მოგვიანებით ჩაირთო და კავშირი აღდგა.

ზუსტი რაოდენობა მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ადამიანების შესახებ არ არის ცნობილი.

ვანის და ბაღდათის გამგებლები სრულ ინფორმაციას დაზიანებული სახლების შესახებ დღის ბოლოს მიიღებენ.

საქართველოს გარდა, დღეს 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა პაკისტანში დილით მოხდა.

 

ამავე თემაზე:

ვანის რაიონში რამდენიმე სახლი ჩამოინგრა

როგორ მოვიქცეთ თუ მიწისძვრაა

მიწისძვრის განმეორება არ არის გამორიცხული

ბაღდათსა და ქუთაისში მიწისძვრის გამო სასწრაფო არ გამოუძახიათ

მიწისძვრის დროს ქუთაისში ყველა მობილური ოპერატორი გათიშული იყო

ქუთაისის ტელეფონები ქალაქში გათიშული იყო

მიწისძვრა საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი