ახალი ამბები

დნმ–ის ბანკის შექმნა და სხვა ცვლილებები შსს–ში, რომელსაც გიორგი მღებრიშვილი გეგმავს

28 დეკემბერი, 2015 •
დნმ–ის ბანკის შექმნა და სხვა ცვლილებები შსს–ში, რომელსაც გიორგი მღებრიშვილი გეგმავს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ უწყებაში სიახლეები იგეგემება, მათ შორის, დნმ–ის ბანკის შექმნა, ვიდეომონიტორინგის სისტემის გაფართოება, უბნის ინსპექტორის ახალი კონცეფციის დანერგვა და  ა.შ.

“ვაყალიბებთ ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას, ვგეგმავთ დნმ–ის ბანკის შექმნას და აღნიშნული გზით საგამოძიებო შესაძლებლობებისა და დანაშაულის პრევენციის ფუნქციის გაძლიერებას. როგორც მოგეხსენებათ, მე წარსულში გამომძიებელი გახლდით და კარგად მაქვს გააზრებული, რომ ეს ნოვაცია მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს კრიმინალისტიკის არსებობის ისტორიაში,”– აცხადებს მღებრიშვილი.

გარდა ამისა, მღებრიშვილი ამბობს, რომ გაგრძელდება კრიმინალური პოლიციის შემდგომი მოდერნიზაცია, რაც გააუმჯობესებს პოლიციის შესაძლებლობებს დანაშაულის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ გაძლიერდება დანაშაულის პრევენციის კომპონენტი, რისთვისაც იგეგმება ვიდეომონიტორინგის სისტემის გაფართოება და განვითარება.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ცვლილებები იგეგმება უბნის ინსპექტორთან დაკავშირებითაც:

“შემუშავებულია უბნის ინსპექტორის ახალი კონცეფცია, ეს არის უბნის ინსპექტორი, რომელიც ოჯახის მეგობარი იქნება, რომელსაც აღარ ექნება გამოძიებისა და ოპერატიული მუშაკის ფუნქციები,”– განაცხადა მან.

მისივე თქმით,  თავიდან უნდა გამოიკვლიონ, რომელ რაიონს (ე.წ. სამოქმედო კვადრატს) რა ოდენობის ძალა და მომსახურება სჭირდება, ამ საჭიროებიდან გამომდინარე კი შესაბამისად გადანაწილდება კადრები.

მღებრიშვილმა ისაუბრა იმის შესახებაც, რომ გაიზრდება საპოლიციო თანამშრომლობის არეალი, განსაკურებული ყურადღება დაეთმობა რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას, ასევ იგეგმება პოლიციური დანაყოფების აუცილებელი ინფრაქტრუქტურის შემდგომი განვითარება და აღჭურვა.

იგი შეეხო პოლიცელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საკითხსაც და განაცხადა, რომ უნდა მოხდეს ამის პრევენცია და აღკვეთა შიდა კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობის ამაღლებით.

მღებრიშვილის თქმით, უწყებაში გაიმიჯნება საპოლიციო და სამოქლაქო ფუნქციები. ასევე, მისი განცხადებით, შსს–სთვის პრიორიტეტად რჩება ოჯახში მომხდარ დანაშაულზე რეაგირება და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთა.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, უწყება განახორციელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას, რომელიც გაზრდის საპატრულო პოლიციის მუშაობის ეფექტურობას მძღოლების, მგზავრების და ქვეითების უსაფრთხოების დასაცავად.

 

შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთლიანად მინისტრთა კაბინეტის ხელახლა დამტკიცება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა. პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილია. მთავრობის წევრებს პარლამენტი დღეს და ხვალ მოუსმენს, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართება.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი