დღეს მიწისძვრამ, რომლის ეპიცენტრიც დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ვანის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, ვანის, ქუთაისის, ოზურგეთისა და სხვა ქალაქების მაცხოვრებლები შეაშინა.
ნეტგაზეთთან საუბარში ისინი ამბობდნენ, რომ სახლებიდან გამორბოდნენ. მათ, უბრალოდ, არ იცოდნენ, რა ექნათ.
მსოფლიო ბანკის ინტერნეტ გვერდის ოქტომბრის სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში მომხდარი მიწისძვრების შედეგადად 1960 წლიდან დღემდე დაღუპულების 90% აზიელები არიან.
რა უნდა მოიმოქმედოთ მიწისძვრის დროს – დარჩეთ სახლში, თუ შეეცადოთ გარეთ გაიქცეთ?
რამდენიმე რჩევა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტისგან.
თუ სუსტი მიწისძვრაა, არ შეშინდეთ, უმჯობესია დარჩეთ იქ, სადაც ხართ;
უფრო ძლიერი მიწისძვრის დროს თუ ხართ შენობაში:
– სასწრაფოდ დატოვეთ შენობა კიბით ან პირველი სართულის ფანჯრებიდან;
– მეორე სართულზე და უფრო ზემოთ, ნუ შეეცდებით შენობის დატოვებას;
– არ ისარგებლოთ ლიფტით;
– დადექით შიდა კედელთან კუთხეში, კარის ჭრილში, საყრდენ სვეტთან;
– თუ შენობა ძველია და კედლები არასაიმედოა, შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ;
– არ ისარგებლოთ ასანთით;
თუ ხართ ქუჩაში:
– გადით ღია ადგილზე, შორს შენობებისა და ელექტროგადამცემებისაგან;
– არ დადგეთ ხიდზე ან მის ქვეშ;
ამერიკის ფედერალური საგანგებო სიტუაციების სამსახური დამატებით რამდენიმე რჩევას იძლევა:
თუ საწოლში წევხართ, დარჩით იქ, თუმცა შეეცადეთ, კარგად დაიფაროთ სახე და თავი ბალიშით.
მოერიდეთ მინებს, ჭაღებს, წიგნების თაროებს და ნებისმიერ საგანს, რომელიც, შესაძლოა, დაგეცეთ.
თუ შესაძლებელია, მაგიდის ქვეშ შეძვერით.
თუ მაღალ სართულზე ხართ, არ გამოიქცეთ შენობიდან. კვლევა აჩვენებს, რომ დაღუპულების და დაშავებულების უმეტესობა არიან ადამიანები, რომლებიც შენობის დატოვებას ცდილობდნენ.
თუ ავტომობილში სხედხართ, არ გადმოხვიდეთ.