ახალი ამბები

ვანის რაიონში რამდენიმე სახლი ჩამოინგრა

19 იანვარი, 2011 • • 1241
ვანის რაიონში რამდენიმე სახლი ჩამოინგრა

მიწისძვრის ეპიცენტრი ვანის რაიონის მახლობლად
მიწისძვრის ეპიცენტრი ვანის რაიონის მახლობლად

მიწისძვრის შედეგად ვანის რაიონში დღეს რამდენიმე სახლის კედელი ჩამოინგრა. სოფელ შუაგორას მკვიდრის, გელა ჩუბინიძის სახლის ორი კედელი მიწისძვრიდან რამდენიმე წამში ჩამოიშალა, თუმცა არავინ დაშავებულა. სახლი ამჟამად საცხოვრებლად გამოუსადეგარია. შუაგორაში კიდევ რამდენიმე სახლის კედელი და ბუხარი ჩამოიშალა. სახლში მყოფებმა გარეთ გამოსვლა ამ შემთხვევაშიც მოასწრეს. რამდენიმე სახლი დაიბზარა ვანის რაიონის სოფელ სალომინაოში. სახლების დაზიანებისა და მსუბუქი ნგრევის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთთან საუბარში ვანის გამგებელი, ზურა გეგიძე ადასტურებს. მისი თქმით, დაზიანებული და დანგრეული სახლების შესახებ დღის ბოლოს უფრო სრულყოფილი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი.

ქუთაისში შენობების დაზიანების შესახებ, ჯერჯერობით, არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. ქუთაისის ერთ-ერთი მცხოვრები, თამუნა კუპრეიშვილი ამბობს, რომ მის მეზობლად, ავტოქარხნის დასახლებაში მაღალ სართულზე მცხოვრები მეზობლების ბინაში მაგიდიდან გადმოვარდა ტელევიზორი და კომპიუტერის მონიტორი, ასევე, სამზარეულოში გადმოცვივდა ჭურჭელი და წაიქცა მაცივარი.

მიწისძვრიდან ერთი საათის განმავლობაში ქუთაისში პანიკა იყო, ხალხი შენობებში არ შედიოდა, თუმცა ამჟამად ყველაფერი ძველებურ რიტმს დაუბრუნდა. 

დღეს, 13 საათსა და 17 წუთზე, მიწისძვრა ქუთაისიდან 31 კილომეტრში, ვანი–ბაღდათის ტერიტორიაზე, მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ კი 5.7 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ბიძგები კიდევ რამდენჯერმე განმეორდა, თუმცა ნაკლები სიძლიერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი