ახალი ამბები

1 იანვრიდან სატრანსპორტო საშუალებებისთვის განახლებული დროებითი სანომრე ნიშნები გაიცემა

26 დეკემბერი, 2015 • 3516
1 იანვრიდან სატრანსპორტო საშუალებებისთვის განახლებული დროებითი სანომრე ნიშნები გაიცემა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, ევროპული სახელმწიფოების მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობისა და უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის მიზნით, 2016 წლის 1 იანვრიდან სატრანსპორტო საშუალებებისა და მოტოციკლის დროებითი განახლებული სანომრე ნიშნების გაცემას იწყებს.

შსს-ის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ, განახლებულ სარეგისტრაციო ნიშანს მარცხენა მხარეს გასდევს ლურჯი ზოლი, რომლის ზედა ნაწილში გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო ქვედა ნაწილში – საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE“. უწყების ცნობით, სარეგისტრაციო ნიშანზე, მარცხნიდან მარჯვნივ, თეთრ ფონზე წითელი ფერით დაიწერება სერია და 4-ციფრიანი ნომერი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის მიზნით, ახალ შიდა სატრანზიტო სანომრე ნიშანს აქვს ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

განახლებული ტრანზიტული ნომრის სერია სატრანსპორტო საშუალებებისთვის დაიწყება ლათინური ასოებით „GE“, ხოლო მოტოციკლისთვის გათვალისწინებულია ერთი ლათინური ასო „G“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასური და ვადები არ იცვლება. მათი ცნობით, შიდა ტრანზიტით სარგებლობის საფასური ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის 1 დღეზე კვლავ 1 ლარს შეადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი დიზაინის სახელმწიფო სანომრე ნიშანი მომხმარებელს გასულ წელს შესთავაზა, 2016 წლის 1 იანვრიდან კი ცვლილება შიდა ტრანზიტულ ნიშანს შეეხება.

შიდა ტრანზიტი – საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობაში მონაწილე დაურეგისტრირებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დროებითი სანომრე ნიშანი. გაიცემა შსს-ის მომსახურების სააგენტოს მიერ, დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 90 კალენდარული დღისა. სააგენტოს მიერ დაინტერესებულ პირზე შიდა ტრანზიტის გაცემის შემთხვევაში, დროებით სანომრე ნიშანთან ერთად გაიცემა დროებითი მოწმობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი