ახალი ამბები

„რესპუბლიკელები“ მორიგი გამოსახლების წინააღმდეგ

18 იანვარი, 2011 • 2656
„რესპუბლიკელები“ მორიგი გამოსახლების წინააღმდეგ

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის თხოვნით პრესკონფერენცია გამართა. საქმე ეხება თბილისში, დიმიტრი უზნაძის 18 ნომერში, მცხოვრებ პირთა გამოსახლებას, რის შესახებაც სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. საუბარია 9 ოჯახზე, რომლებიც 31 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე მდებარე საერთო საცხოვრებელში და მთელი ამ ხნის განმავლობაში იხდიდნენ დადგენილ გადასახადებსა და მოსაკრებლებს.

“მიუხედავად ,,რაც შენია შენია” პროგრამის ვითომდა წარმატებისა  და მოსახლეობის დაკმაყოფილების  თაობაზე გაკეთებული მრავალი განაცხადისა, უზნაძის 18 ნომერში მცხოვრებმა პირებმა ვერ შეძლეს კუთვნილი ფართების რეგისტრაცია, ხოლო 2008 წელს აღნიშნული შენობის გასხვისება მოხდა. ახალი მფლობელი ვასილ მენთეშაშვილია. აღნიშნული ფაქტის შესახებ ეს ოჯახები ინფორმირებულნი არ იყვნენ, მათთვის ფართების გამოსყიდვა არავის შეუთავაზებია და არც ახალ მესაკუთრეზე მომხდარა მათთან დაკავშირებული რაიმე ვალდებულების გადასვლა.

მივმართავ შუამდგომლობით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას და ქ. თბილისის მერს გიგი უგულავას, გაითვალისწინონ ამ ოჯახების უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, მათი კანონიერი უფლებები და ინტერესები, ის ფაქტი, რომ ზამთარში ქუჩაში ცხოვრებას ვერ შეძლებენ და რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე თვით გადაიდოს გამოსახლების პროცესი. ამასობაში კი შესაძლებელი გახდება მოლაპარაკების წარმოება მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართების სანაცვლოდ თავშესაფრით დაკმაყოფილების შესახებ”,- განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა „რესპუბლიკური პარტიიდან“ თინა ხიდაშელმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ მიმართვაზე საპასუხო განცხადება გააკეთა თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ კახა გურულმა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი კერძო სუბიექტებს შორის წარმოქმნილ დავას წარმოადგენს და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას სცილდება.

უზნაძის 18 ნომერში მცხოვრებ ოჯახთა გამოსახლება 2011 წლის 21 იანვარსაა დაგეგმილი.

კახა გურული
კახა გურული

მასალების გადაბეჭდვის წესი