ახალი ამბები

აქციის დროს დაკავებული ბეჟან გუნავას საქმეზე სასამართლო პოლიციისგან მტკიცებულებას ითხოვს

25 დეკემბერი, 2015 • 1187
აქციის დროს დაკავებული ბეჟან გუნავას საქმეზე სასამართლო პოლიციისგან მტკიცებულებას ითხოვს

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული ბეჟან გუნავას სასამართლო 14 იანვარს გადაიდო. მოსამართლემ არასაკმარისად მიიჩნია პოლიციის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამართალდამცველებს ხუთი დღის ვადაში ვიდეომასალის წარდგენა მოსთხოვა.

“მედავებიან დაუმორჩილებლობას პოლიციის მიმართ და არანაირი დაუმორჩილებლობა მანდ არ ყოფილა, კანონის ფარგლებში გავაპროტესტე ირაკლი კაკაბაძის აყვანა”, – აცხადებს პარტია “თავისუფალი საქართველოს” რეგიონული მდივანი, ბეჟან გუნავა.

საქართველოს იუსტიციის საბჭოს შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ბეჟან გუნავა და ირაკლი კაკაბაძე დღეს, 25 დეკემბერს დააკავეს. ისინი აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად აპროტესტებდნენ მოსამართლედ ლევან მურუსიძის შესაძლო დანიშვნას.

ლევან მურუსიძე დღესვე, საბჭოს 10 წევრის თანხმობით, აირჩიეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, რის შემდეგაც აქციაზე ვითარება დაიძაბა და შედეგად, პოლიციამ ზემოთ აღნიშნული პირები დააკავა.

ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი